ჯანდაცვა
თუ თბილისში არ გადავიყვანთ, მამა მომიკვდება - მძიმე პაციენტისთვის ადგილი არ გამოიძებნა
კორონავირუსით იფიცირებული 54 წლის მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, აპარატზეა შეერთებული და სიცოცხლისთვის იბრძვის. გულის ქრონიკული დაავადების მქონე პაციანტი სამი დღეა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და ელის, როდის გათავისუფლდება თბილისის რომელიმე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი, რომ მისი გადაყვანა შეძლონ. ჯანდაცვის უწყება ოჯახს ეუბნება, რომ ადგილი ვერ გამოინახა. ამასობაში ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

„ახლა შეაერთეს აპარატზე, ექიმმა მითხრა 10 საათის წამალი გვაქვს, თუ ამ დროში ვერ გადავიყვანთ, მოკვდებაო. მიშველეთ ვინმემ, დამეხმარეთ, მამა მიკვდება“,
- ამბობს პაციენტის შვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პაციენტი ადგილების არქონის გამო ვერ გადაჰყავთ.

„კლინიკამ უნდა გადაიყვანოს, მაგრამ თუ ადგილი არ არის, სად გადაიყვანენ? სხვას ხომ არ გამოაერთებენ აპარატიდან და მას ხომ არ დააწვენენ? ყველგან ასეთი მდგომარეობაა, ფიზიკურად ვერ მიჰყავთ ეს ხალხი ვერსად“, - გვითხრეს ჯანდაცვის პრესსამსახურში.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე ამ დრომდე ცდილობს, მძიმე პაციენტისთვის თბილისის რომელიმე კლინიკაში ერთი ადგილი გამონახოს და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანოს.

„ასეთ შემთვევაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთვება, როგორც კი ადგილს გამონახავს, გადაიყვანს. ახლაც ვცდილობ გამოვძებნო კლინიკა, მაგრამ ვერ ვპოულობ, ფიზიკურად ადგილი არ არის. ჩვენ რაც შეგვიძლია, სამედიცინო დახმარებას ვუწევთ, თუმცა ჩვენ კოვიდდადებით პაციენტებს არ ვმართავთ, ასეთ დროს უნდა გადავამისამართოთ კოვიდმიმღებ კლინიკაში. ანალოგიურ სიტუაციაში ვიქნებით ხვალ და ზეგაც, რადგან ინფიცირება არ იკლებს, იმატებს“, - გვითხრა რევაზ კუჭუხიძემ.

საქართველოს მთავრობა ოფიციალურ განცხადებებში ირწმუნება, რომ ქვეყანაში საწოლფონდის პრობლემა არ არის. ამის ფონზე, 54 წლის კრიტიკულად მძიმე მდგომრეობაში მყოფი მამაკაცი, სამი დღეა რეანიმაციაში ვერ გადაჰყავთ. მისთვის სასუნთქი აპარატი ჯანდაცვის უწყებამ ვერ გამონახა. პაციენტის ოჯახი ამბობს, რომ მამაკაცის მდგომარეობა თანდათან რთულდება.

| Print |