ჯანდაცვა
43 წლის მძიმე პაციენტი სამი დღეა კლინიკაში ვერ გადაჰყავთ
სამი დღეა საქართველოში ვერ გამოიძებნა კლინიკა, რომელიც 43 წლის ქალს უმკურნალებს. პაციენტს კორონავირუსთან ერთად ჯანმრთელობის სხვა, მძიმე პრობლემებიც აქვს. მანამდე კი, ქალი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მენეჯერის თქმით, მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება.

„სამი დღის წინ სახლში გონება დაკარგა, სასწრაფო გამოვიძახეთ და მერე ჩვენი მანქანით საავადმყოფოში მივიყვანეთ. როდესაც კვლევები ჩაუტარეს, გვითხრეს რომ ჰქონდა სისხლის გაჟონვა და კორონავირუსი. ორი დღეა აქ ვართ და არ შეგვიძლია სადმე რომ გადავიყვანოთ, თბილისში არც ერთი კლინიკა არ იღებს, ახალციხეში კი გვეუბნებიან, ჩვენ ამ სიმძიმის პაციენტის მკურნალობა არ შეგვიძლიაო. თბილისში კი სადაც მივედით, გვეუბნებიან, რომ რადგან კოვიდ19-ით არის ინფიცირებული, ვერ ვუმკურნალებთო“, - გვითხრა ოჯახის ახლობელმა მილაზიმ მიაზოვმა.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ თავდაპირველად კლინიკაში თავისუფალი ადგილის მოძებნა გაჭიანურდა, თუმცა რევაზ კუჭუხიძე ამბობს, რომ დღეს დილით სამედიცინო დაწესებულება უკვე იპოვეს.

„პაციენტს ესაჭიროება ნეიროქირურგიული დახმარება, ხდება მისი რეფერირება შესაბამის პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. ორი დღეა მაგ კლინიკას ვეძებთ, მისი ქმარი, კლინიკასთან შეთანხმებული გამოუშვი თბილისში და არ ჩამოვიდა, რომ თავისი ცოლი წაეყვანა. დღეს დილით ქმარს ველაპარაკე, კლინიკა შევათანხმე, საავადმყოფომ მოითხოვა კვლევის დისკი მომიტანოს და გადავიყვანო. ეს საუბარი შედგა დილის ათ საათზე, პატრონებს გავატანე დისკი და ამ დრომდე არ გამოჩენილა“, - გვითხრა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტრომა რევაზ კუჭუხიძემ.

მოგვიანებით, მილაზიმ მიაზოვმა დაადასტურა, რომ შესაბამისი პროფილის კლინიკა უკვე მოძებნილია და მძიმე პაციენტს თბილისში გადაიყვანენ.

„დაახლოებით, ნახევარი საათის წინ (19:30 სთ) მითხრეს, რომ გადაყვანა შეგვიძლია. საავადმყოფო ერთობლივი ძალებით ვნახეთ და ახლა მიმდინარეობს საბუთების მოწესრიგება“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გადაყვანა ჭიანურდება. ორივე შემთხვევაში პრობლემა ადგილების არქონაა. რამდენიმე დღის წინ 54 წლის მამაკაცისთვის რეანიმაციაში ადგილი ვერ გამოინახა. კოვიდინფიცირებული კლინიკა "იმედში" მას შემდეგ გადაიყვანეს, როცა თემით "მეცხრე არხი" დაინტერესდა.

| Print |