ჯანდაცვა
მომდევნო ორი კვირა მაინც, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან – ლევან რატიანი
მომდევნო ორი კვირა მაინც, თავი შევიკავოთ დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა.

რატიანის თქმით, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოვლა და ზრუნვა.

„ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მტყუან-მართლის გარჩევაზე ამ ეტაპზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დადგება მომენტი, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული გვყავდეს ქვეყანაში.

ჩვენ ამ დაავადების მოვლა უნდა ვისწავლოთ. მოვლა რას გულისხმობს, პირველ რიგში, ჩვენ არ გავხდეთ ინფიცირებული. თუ დავინფიცირიდით, ჩვენ ვართ დაავადების გამავრცელებლები. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვთხოვ, მეტი საშველი არ გვაქვს, თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, ამიტომ პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ.

მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც.

სიცოცხლე უნდა გადარჩეს ქვეყანაში. ჩვენს საზოგადოებას არ აკლია, მაგრამ ვისწავლოთ ერთმანეთის მოვლა და ზრუნვა“,
– განაცხადა ლევან რატიანმა.
| Print |