ჯანდაცვა
"მეშინია კორონავირუსმა ბავშვზე არ იმოქმედოს" – ორსულების შიშები და პანდემია
ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, დაწესებულებების უმეტესი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ქალთა კონსულტაციის ფორმატის ცვლილება ისევ მოუწიათ კლინიკებშიც. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ორსულები სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიდიან, ძირითადად კი ექიმის რჩევებს დისტანციურად იღებდნენ.

22 წლის გვანცა გოგოლაძე პირველ ბავშვს ელოდება. ხუთი თვის ფეხმძიმე ამბობს, რომ ეს პერიოდი სხვაგვარად წარმოედგინა. რეალობა კი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მოელოდა. პანდემიის გამო ეშინია კონსულტაციებზე სიარულის, რადგან სამედიცინო დაწესებულებები კოვიდიმღებ კლინიკებად არის გადაკეთებული. შიშით ელოდება მშობიარობის დღესაც, რადგან ფიქრობს, რომ დაინფიცირების საფრთხე კლინიკებში დიდია. COVID 19–ის თავიდან არიდების მიზნით, მომავალი დედა სახლიდან გარეთ აღარ გადის.
„პირველ შვილს ველოდები და მომზადებული საერთოდ არ ვარ, ძალიან მეშინია კლინიკაში მისვლის. მგონია, რომ იქ დავინფიცირდები“ – ამბობს გვანცა გოგოლაძე.

გვანცას მსგავსად, პანდემიის გამო, რთულ მდგომარეობაში არიან სხვა ფეხმძიმეები და ახალბედა დედებიც. ზოგიერთები ვირუსის გადადებისგან თავის დაცვას საცხოვრებლად სოფელში გადასვლით ცდილობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ნაკლებ ხალხთან კონტაქტით საკუთარ თავსაც დაიცავენ და მუცლად მყოფ ბავშვსაც.

„მიჭირს ბავშვებთან ერთად სულ სახლში ყოფნა, სოფელში წამოვედი რადგან ვეღარ ვძლებ. რთულ სიტუაციაში მიწევს ყოფნა“ – ამბობს ცირა გოგოლაძე.


ახალბედა დედები ახალშობილთან ურთიერთობის დროს პირბადეს იყნებენ, გარდა ამისა, მკაცრად იცავენ ჰიგიენურ ნორმებს. კორონაპანდემიის პერიოდი ემოციურად ყველაზე რთული მეძუძური დედებისთვის აღმოჩნდა, რადგან მათ უფრო მეტად ეშინიათ, ბუნებრივი კვების დროს საკუთარ შვილს საფრთხე არ შეუქმნან.


„ორსულობაზე რთულ მდგომარეობაში ახლა აღმოვჩნდი, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს. მე რომ შეხვდეს, ბავშვს გადავდებ“ - ამბობს ახალბედა მშობელი.

ექვსი თვის ორსულმა მარიამ კაპანაძემ კორონავირუსი უკვე დაამარცხა. მის შემთხვევაში, ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა, თუმცა COVID 19-ის სიმპტომებთან ერთად, მომატებულ ემოციურ ფონთან გამკლავება მოუწია.

ვირუსისგან მედიკამენტების გარეშე განიკურნა. ექიმების რეკომენდაციით, მხოლოდ დიდი რაოდენობით სითხეებს იღებდა.
მარიამი ორსულებს ურჩევს, რომ არ აყვნენ პანიკას, რათა ვირუსმა მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედოს. მისივე თქმით, მომავალი დედები ინფიცირების შემთხვევაში, COVID 19-ს, სიმშვიდის შენარჩუნებით უფრო მარტივად დაამარცხებენ.
"როდესაც დადებითი იყო ტესტი ძალიან შემეშინდა, მეგონა ეს ვირუსი ბავშვზე იმოქმედებდა. ამ დროს მნიშნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. მთავარია არ ვინერვიულოთ და ამით უფრო მეტი ზიანი არ მივაყენოთ ბავშვს. როგორც ვიცი, ნაყოფს იცავს პლაცენტა, ასე, რომ არ შეგეშინდეთ"- ამბობს ორსული მარიამ კაპანაძე.

რა გავლენას ახდენს ფეხმძიმობის პერიოდში კორონავიუსი ნაყოფზე, ეს ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. მედიკოსების თქმით, კოვიდ 19 რესპირატორული დაავადებაა, ორსულობის დროს კი ნებისმიერი ვირუსი ადრეულ ეტაპზევე საყურადღებოა. გარდა ამისა, რთულია მათი მკურნალობის პროცესიც, რადგან ამ შემთხვევაში პაციენტს ყველა პრეპარატს ვერ უნიშნავენ. ამიტომ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ფეხმძიმე ქალებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას და რეგულაციების მკაცრად დაცვას ურჩევენ.


დაგენილია, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით, ძირითადად, პირდაპირი კონტაქტისას გადაეცემა, თუმცა ინფიცირება შესაძლებელია წვეთებით დაბინძურებულ ზედაპირთან შეხების დროსაც. ამიტომ მედიკოსები ფეხმძიმე ქალებსა და ახალბედა დედებს ავეჯის ზედაპირების დამუშავებას, ხელების ხშირად დაბანას, ჩვილის კვების დროს პირბადის გამოყენებასა და სახლში დარჩენას ურჩევენ. ექიმების თქმით, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია სიმშვიდის შენარჩუნებაა, რადგან ემოციური ფონი ბევრად მეტ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე ნებისმიერი სახის ვირუსი.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |