ჯანდაცვა
რამ გამოიწვია ინფიცირებულთა რეკორდული მატება?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, ტესტირების გაფართოვებას უკავშირდება. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მომავალ დღეებში კვლევის გაფართოვებასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

„უფრო მეტი ადამიანი ვლინდება. ჩვენ თუ ყოველდღიურად ანტიგენის ტესტით ვავლენდით, დაახლოებით, 700-დან 800-მდე დადებით შემთხვევას, დღევანდელი მონაცემებით, ეს რაოდენობა არის 1442 - მხოლოდ ანტიგეით და 3600 PCR ტესტით გამოვლენილი, ანუ რაოდენობის მატება დაკავშირებულია ტესტირების გაფართოვებასთან და კიდევ მეტი გვექნება მომავალ დღეებში, რომ გაფართოვდება. ამას ადრეც ვამბობდით, მაგრამ ამასთანავე, ამ ტესტირებით ვლინდებიან უფრო ადრეულ ეტაპზე და შედარებით უფრო მსუბუქი ან უსიმპტომო ადამიანები, რომელთა სწრაფი იზოლირებაც უკეთეს შედეგს მოგვცემს,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |