ჯანდაცვა
„ხანდახან ერთი ბრიგადა მუშაობს“ - ახალციხის სასწრაფოს სამედიცინო პერსონალი ინფიცირებულია
ახალციხის სასწრაფო დახმარების ცენტრში სამედიცინო პერსონალის დეფიციტია. ექიმებისა და ექთნების ნაწილმა კორონავირუსი უკვე დაამარცხა და სამსახურს დაუბრუნდა, დიდი ნაწილი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის. ამის გამო, ექვს დეკემბრამდე გამოძახებაზე მხოლოდ ერთი ჯგუფი მიდიოდა. დღეს მეორე ჯგუფის შევსება მოხერხდა.

სამედიცინო პერსონალის სიმცირის გამო, რამდენჯერმე მეზობელი მუნიციპალიტეტების ჯგუფების დახმარება გახდა საჭირო. თანამშრომლები ამბობენ, რომ გამოძახებაზე აგვიანებენ, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილოა. პაციენტების უკმაყოფილება იქამდე გაგრძელდება, სანამ ჯგუფები სრულად არ შეივსება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ დღეის მდგომარეობით, ორი ჯგუფი მუშაობს. მომდევნო დღეებში სასწრაფო დახმარების ახალციხის ოფისს კიდევ ერთი ბრიგადა დაემატება.

ორი თვეა, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი უდასტურდებათ.

| Print |