ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო დახმარების ჯგუფები გამოჯანმრთელებული ექიმებით შეივსო
ადიგენის სასწრაფო დახმარების ორი თანამშრომელი კორონავირუსის დიაგნოზით სახლში მკურნალობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მათ გარდა სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებული სასწრაფოს ექიმი აღარ რჩება. ადიგენის მუნიციპალიტეტში გამოძახებებზე ორი ჯგუფი დადის.

რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა დიდი ნაწილი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელების შემდეგ სამუშაო ადგილს დაუბრუნდნენ. ამ ეტაპზე ახალციხესა და ბორჯომში ოთხ-ოთხი, ასპინძაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში კი ორ-ორი ჯგუფი მუშაობს.

"სასწრაფო დახმარების მუშაობა შეჩერებული არსად არ არის. სულ 48 თანამშრომელია და ამ ეტაპზე ორი ინფიცირებული დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - გვითხრეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში.

COVID19-ის დიაგნოზით ახალქალაქის სასწრაფოს ექიმი და რეგიონული მენეჯერი გარდაიცვალა.
| Print |