ჯანდაცვა
„სოფლის კლინიკაში მარტო თაგვები არიან“ - მოსახლეობა სოფლის ექიმებს ითხოვს
სოფლის ამბულატორიებისა და მედ-პერსონალის სიმცირეზე სამცხე-ჯავახეთის თითქმის ყველა სოფელში ჩივიან. ზოგიერთ თემში მსგავსი მომსახურება საერთოდ არ არის, სოფლების ნაწილში კი პერსონალი არასაკმარისია. მოსახლეობა ფიქრობს, რომ კორონაპანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია, მთავრობის ყურადღება ამ საკითხსაც მიექცეს, იმისთვის, რომ სოფლის მაცხოვრებლებს COVID 19-ისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარება ადგილობრივ დონეზეც შეეძლოთ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირას 12 წელია ამბულატორია არ აქვს. მოსახლეობის თქმით, ისეთ მომსახურებაზე, რასაც არსებობის შემთხვევაში, ადგილზეც მიიღებდნენ, ქალაქში წასვლა უწევთ. ძირითადად კი ადგილობრივ კაწია ასლანიანის იმედად იმყოფებიან, რომელსაც საექთნო კურსები აქვს გავლილი და საჭიროების შემთხვევაში თანასოფლელებს ეხმარება.

„მე მხოლოდ კოლეჯი დავამთავრე, ჩვენთან ამბულატორია არ არის თორემ დამხმარედ ვიმუშავებდი. საკუთარი სურვილით ვეხმარები ჩემს თანასოფლელებს. არავინ გვყავს, რა გავაკეთოთ?“ - ამბობს ადგილობრივი კაწია ასლანიანი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს პანდემიამდე ორი ექიმი და ორი ექთანი ემსახურებოდა, ახლა კი სოფელში მხოლოდ ორი ექიმი მუშაობს. ექთანები ამ დროისთვის, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციებს სახლიდან გასცემენ, კორონაპანდემიის გამო კი მიმართვიანობა მაღალია. სოფელ უდის ექთანი ამბობს, რომ რთულია ამ პირობებში ყველა ოჯახს სათანადო ყურადღება მიაქციო. მისი თქმით, გადატვირთული გრაფიკის გამო, სოფლის მოსახლოება უკმაყოფილო რჩება, რადგან ისინი დროულ მომსახურეობას ვერ იღებენ.

„რთული ამ პანდემიის დროს ყველა ადამიანს მაშინვე მოემსახურო, ექიმების სიმცირეა, არა მარტო ჩვენთან არამედ ყველგან“- ამბობს სოფელ უდის ექთანი ლილი მერაბიშვილი.

სოფლის ამბულატორიებისა და მედ-პერსონალის სიმცირეზე სამცხე-ჯავახეთის თითქმის ყველა სოფელში ჩივიან. ზოგიერთ თემში მსგავსი მომსახურება საერთოდ არ არის, სოფლების ნაწილში კი პერსონალი არასაკმარისია. მოსახლეობა ფიქრობს, რომ კორონაპანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია, მთავრობის ყურადღება ამ საკითხსაც მიექცეს, იმისთვის, რომ სოფლის მაცხოვრებლებს COVID 19-ისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარება ადგილობრივ დონეზეც შეეძლოთ.

„სოფელში გვაქვს , თუმცა იქ მარტო თაგვები არიან, ექიმს იქ ვერავინ ნახავს, ამ პანდემიის დროსაც კი ასეა. წლებია გვპირდებიან, თუმცა ამაოდ“ - ამბობს სოფელ უდის მკვიდრი.

პანდემიიდან გამომდინარე რომ სოფლისა და ოჯახის ექიმები მნიშვნელოვანი რგოლი გახდა, ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ აპრილში საუბრობდა. გიორგი გახარიამ მოსახლეობას განუცხადა, რომ კოვიდპანდემიის მართვაში ადგილობრივი მედ-პერსონალიც აქტიურად ჩაერთო და სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი პირველი რგოლი გახდა. თუმცა გიორგი გახარიას მათ სიმცირეზე მაშინ კომენტარი არ გაუკეთებია.

„ჩვენი ოჯახის და სოფლის ექიმები უკვე სახლის პირობებში მართავენ პირველად სიმპტომებს, რომლითაც მათ ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პირველი ხაზი COVID-19-თან ბრძოლის. სწორედ ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას, მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID-19, თუ სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში“ - განაცხდა გიორგი გახარიამ.
2020 წლის ნოემბრიდან სოფლის ექიმები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდნენ. ამ დროისთვის ახალციხეში 47 მედპერსონალია მათგან 28 ექიმი და 19 ექთანი.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ერთი სამედიცინო ბრიგადა, რომელიც ექიმისა და ექთნის თანამშრომლობას გულისხმობს, 2 000 მოსახლეზეა გათვლილი.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |