ჯანდაცვა
ახალციხეში 7 წლის ბავშვს მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი დაუდგინდა
ახალციხეში 7 წლის ბავშვს მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი დაუდგინდა. მცირეწლოვანს პრობლემები მას შემდეგ გამოუვლინდა, რაც კორონავირუსი დაამარცხა. ბავშვი, თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მსგავსი სიმპტომებითა და ჩივილებით, 10 წლის მოზარდი მიიყვანეს ახალქალაქიდანაც.

კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, 7 წლის მოზარდის მდგომარობა უკეთესია და ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს, თუმცა შედარებით მძიმე მდგომარეობაშია 10 წლის მოზარდი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა უფიქსირდება.

„ორივე ბავშვთან მიმდინარეობს მკურნალობის კურსი, ერთთან უკვე დავასრულე ჰორმონოთერაპია, მეორე ბავშვთან ისევ ვაგრძელებ, მისი მდგომარეობა საშუალოდ მძმეა“- განმარტავს ივანე ჩხაიძე.

ბავშვებს საბოლოო განკურნებამდე, დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდებათ, დაავადების გართულების შემთხვევაში მათ ანტისხეულებით უმკურნალებენ.

პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზარდების გარკვეულ ნაწილს იშვიათი სინდრომი გამოუვლინდათ, უცხოურ მედიაში ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე გაჩნდა. ჟურნალისტები ექიმებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, მოგვიანებით კი საფრანგეთში, ამერიკასა და აშშ-ში, კოვიდით ინფიცირებულ ან უკვე კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ მოზარდებს გამოუვლინდათ ე.წ. მისტიკური სინდრომი - მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, შეშუპება, ამ სიმპტომებს თანდართული სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი, გულის ფუნქციონირების დასუსტება. მალევე დაფიქსირდა „მისტიკური სინდრომის“ პირველი მსხვერპლიც. ამ იშვიათი გართულების ნიშნები ძალიან ჰგავდა „კავასაკის სინდრომს“.

დარგის სპეციალისტებმა დაავადების შესწავლა დაიწყეს და მალევე „მისტიკურ სინდრომს“ კონკრეტული სახელი დაერქვა - ახალი პედიატრიული დაავადება, მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი ბავშვებში (MIS-C).
| Print |