ჯანდაცვა
კოვიდგადატანილი პაციენტების ნაწილი კლინიკებს შედგომი გართულებებით მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ COVID 19-ის შემდგომი გართულებების გამო, საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს შესაბამის შემთხვევებს კლინიკები აღრიცხავენ და ზუსტი სტატისტიკა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

"ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია სამედიცინო სტატისტიკიდან, თუმცა, ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია... გიდასტურებთ, რომ განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის, ოღონდ არა კოვიდის გამო, არამედ კოვიდის გართულებების გამო. ვერც იმას გეტყვით გარდაცვალების შემთხვევები ყოფილა თუ არა მათ შორის. ძალიან სენსიტიური საკითხია. იმიტომაა საჭირო, რომ შესაბამისი კვლევა ჩატარდეს. ისევე როგორც კოვიდგადატანილ პაციენტებში შემდგომი დაკვირვებები აუცილებელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კოვიდგადატანილ პაციენტებს გართულებების თავიდან ასაცილებლად, მედიკოსები გაწერის წინ შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ.

„ვინც გაწერილია, ყველას დარიგებას აძლევენ, რეკომენდაციებს, რომ იყვნენ თავის ოჯახის ექიმთან კონტაქტში და გარკვეული პერიოდულობით თვითმონიტორინგიც აწარმოონ. ძირითად პარამეტრებს ეუბნებიან, რაზე გაამახვილონ ყურადღება, ასევე, გარკვეული პერიოდულობით რიგი კვლევები ჩაიტარონ. განსაკუთრებით, ვისაც მომატებული რისკი აქვს, 70 წელს ზემოთაა და ვისაც სხვადასხვა დაავადება აღენიშნება - დიაბეტი, ჰიპერტენზია ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ა.შ. ეს რეკომენდაცია გაწერის შემდეგ ყველას ეხება", - განაცხადა გამყრელიძემ.

ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით CNN-ი იუწყება, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა. კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

interpressnews.ge
| Print |