ჯანდაცვა
დაავადება ბავშვებში, რომელიც კორონავირუსის გართულებად ითვლება, ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას - ივანე ჩხაიძე
მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად, განსხვავებით კორონავირუსისგან მიმდინარეობს მსუბუქად, არ ხასიათდება გართულებებით, არ ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით, მაგრამ ეს სინდრომი ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, იაშვილის კლინიკაში ბოლო ორი დღის განმავლობაში აღნიშნული სინდრომით 7 ბავშვი მოთავსდა, საიდანაც 2 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ამასთან, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ სინდრომის მართვის პროტოკოლი, სხვადასხვა კლინიკის მიერ, უკვე შემუშავებულია და ჯანდაცვის სამინისტროს დღეს წარედგინება.

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად - ეს გართულება შეიძლება გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში, მაგრამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. პირველად ამ სინდრომის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა მაისის თვეში, როდესაც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 8 ბავშვთან კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მძიმე დაავადება, როდესაც დაავადების პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ორგანო და სისტემა და მოგვიანებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ სინდრომს უწოდა ის სახელი, რომლითაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, ეს არის - მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. სინდრომის განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა ითვლება, რომ ეს არ არის ვირუსით გამოწვეული, განპირობებული და ითვლება, რომ ეს არის გამოწვეული ვირუსის ზემოქმედების შედეგად იმუნური სისტემის პასუხით, რომელიც ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ"- აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

მისივე თქმით, ეს სინდრომი განსხვავებით კორონავირუსისგან მიმდინარეობს მსუბუქად, თუმცა ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ამჟამად ამ ვირუსით სამდიცინო დაწესებულებაში 12 მოზარდი მკურნალობს. როგორც მან "მეცხრე არხს" განუმარტა, მათ შორისაა ორი ბავშვი სამცხე-ჯავახეთიდან.

"ამ სინდრომის პირველი შემთხვევა საქართველოში იაშვილის კლინიკაში დაფიქსირდა ეს იყო 2 ნოემბერი. ამ სინდრომის განვითარება და სიხშირე ქვეყანაში უკავშირდება კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელს. ჩვენთან კორონავირუსის მაჩვენებლის პიკი სწორედ ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში იყო, შესაბამისად აი ამ პიკის გამო იანვრის პირველი და ბოლო კვირები იქნება სწორედ ამ სინდრომით ჰოსპიტალიზებული და გამოვლენილი ბავშვების რაოდენობა, ანუ კორონავირუსის პიკს ქვეყანაში ერთი თვის შემდეგ მოჰყვება ამ სინდრომის მატების პიკი"
- განმარტავს პროფესორი.

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევის მიხედვით, პაციენტების საშუალო ასაკი 6-დან 11-წლამდეა. იაშვილის კლინიკაში ყველაზე უფროსი პაციენტი 14 წლის არის, ყველაზე მცირე ასაკის კი 1 წლის. ლეტალური შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა.

| Print |