ჯანდაცვა
შეცდომით ჩატარებული ოპერაცია თუ გადაუდებელი საჭიროება?
სამცხე-ჯავახეთში ორი ბავშვს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი დაუდგინდა. ისინი მკურნალობის კურსს იაშვილის კლინიკაში გადიოდნენ. ახალციხელი 7 წლის ბავშვი უკვე გამოჯანმრთელდა, 10 წლის ახალქალაქელი მცირეწლოვანის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

გამოჯანმრთელებულ ბავშვს თბილისში წაყვანამდე, ახალციხის კლინიკა "იმედში", ბრმა ნაწლავის ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახი ამბობს, რომ მულტისისტემური სინდრომისა და აპენდიციტის სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ ექიმებმა ოპერაცია შეცდომით გაუკეთეს.

"ოპერაციის შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ გამოსწორდა, თბილისში წაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ სულ სხვა პრობლემა ჰქონდა. თბილისში უმკურნალეს და ახლა კარგადაა. როგორც ვიცი, ოჯახმა სხვა ექიმებთან გადაამოწმა და უთხრეს, რომ დაავადება ახალია და სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ შეიძლება ექიმებს აერიოთ ბრმა ნაწლავშიო", - გვითხრა ოჯახის ნათესავმა.

ახალციხის კლინიკა "იმედში" ირწმუნებიან, რომ მათთან შეყვანისას მოზარდს ბრმა ნაწლავის გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა. კლინიკური მენეჯერი მზია კაკოშვილი ამბობს, რომ პაციენტი მათთან ცხელებით და მუცლის ტკივილით შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ანტიგენით და PCR ტესტით გატესტეს, ამიტომ მდგომარეობა პოსტკოვიდურ სინდრომად შეფასდა.

"ანალიზებში ცვლილება იყო, მუცლის ღრუში ექოსკოპიაზე სითხე ჩანდა. სასწრაფო საოპერაციო იყო. აპენდიციტი იყო პოსტკოვიდური სიმპტომი. ვირუსმა დაუტოვა გართულებები. ანთება გულ-მკერდის, მუცლის ღრუში, სავარაუდოდ თავის ტვინშიც. აპენდიციტი გასაკეთებელი რომ იყო, ეს პათომორფოლოგიის დასკვნამაც დაადასტურა. ბიოლოგიური მასალა იგზავნება თბილისში და იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ფლეგმონური აპენდიციტი იყო",
- ამბობს მზია კაკოშვილი.

კლინიკაში, სადაც მცირეწლოვანს მულტისისტემური ინფლამატორულ სინდრომზე მკურნალობდნენ, ამბობენ, რომ ბავშვს ოპერაცია ნამდვილად სჭირდებოდა.

"ოპერაცია, რომელიც ჩვენთან შემოყვანამდე გაუკეთდა, გადაუდებელი იყო და უნდა ჩატარებოდა. პაციენტს ჩვენს კლინიკაში უტარდებოდა ჰორმონოთერაპია", - ამბობენ იაშვილის კლინიკაში.

პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზარდების გარკვეულ ნაწილს იშვიათი სინდრომი გამოუვლინდათ, უცხოურ მედიაში გაზაფხულზე გაჩნდა. ჟურნალისტები ექიმებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, მოგვიანებით კი საფრანგეთსა და აშშ-ში, კოვიდით ინფიცირებულ ან უკვე კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ მოზარდებს გამოუვლინდათ ე.წ. მისტიკური სინდრომი - მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, შეშუპება, ამ სიმპტომებს თანდართული სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი, გულის ფუნქციონირების დასუსტება. მალევე დაფიქსირდა „მისტიკური სინდრომის“ პირველი მსხვერპლიც. ამ იშვიათი გართულების ნიშნები ძალიან ჰგავდა „კავასაკის სინდრომს“.

დარგის სპეციალისტებმა დაავადების შესწავლა დაიწყეს და მალევე „მისტიკურ სინდრომს“ კონკრეტული სახელი დაერქვა - ახალი პედიატრიული დაავადება, მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი ბავშვებში (MIS-C).
| Print |