ჯანდაცვა
ახალციხის კლინიკას მოქალაქეებმა პოსტკოვიდური ჩივილებით მიმართეს
პოსტკოვიდური ჩივილებით ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას 5-მა პაციენტმა მიმართა. რეფერალური ჰოსპიტლიდან ბოლო პაციენტი რამდენიმე დღის წინ გაწერეს. კლინიკის დირექტორი რეზო კუჭუხიძე ადასტურებს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, სხვადასხვა ჩივილით, საავადმყოფოში პაციენტებმა მკურნალობის კურსი გაიარეს.

„რამდენიმე დღის წინ მოგვმართა ხუთმა პოსატკოვიდურმა პაციენტმა, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ იყო. მხოლოდ ფილტვებზე ჩივილი ჰქონდათ, ხუთივე პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და გაწერილი იქნა ბინაზე“,
- ამბობს რეზო კუჭუხიძე. 

რაც შეეხება ახალციხის მეორე სამედიცინო დაწესებულებას,  "იმედში" აცხადებენ, რომ კლინიკაში მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს იღებენ. 

პოსტკოვიდური მდგომარეობის შესახებ პირველად  ბრიტანელი მეცნიერები ალაპარაკდნენ. კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა. კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ. 

პოსტკოვიდური ჩივილებით პაციენტებმა კლინიკებს  მიმართეს საქართველოშიც. შედეგად, ინფექციური საავადმყოფოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა დაიგეგმა. პირველადი ინფორმაციით, კვლევაში ის 500-მდე პაციენტი ჩაერთვება, ვინც კორონავირუსს კლინიკებში მკურნალობდა.

| Print |