ჯანდაცვა
კოვიდის გართულება ბავშვებში - ექიმები პროტოკოლის დამტკიცებას ითხოვენ
კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებში ახალი პედიატრიული დაავადება ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ MIS-C -  მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი, იშვიათ შემთხვევაში იჩენს თავს და გართულების მაჩვენებელი დაახლოებით 0,66 პროცენტია, ბოლო სამ თვეში, საქართველოში, ამ დიაგნოზით 65-მდე ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. სპეციალისტების თქმით, არ არის საჭირო პანიკის დათესვა, თუმცა, მაჩვენებელი გასათვალისწინებელია.

ამ ახალ პედიატრიულ დაავადებას ქართველი ექიმები ერთ-ერთ ძვირადღირებულ პედიატრიულ დაავადებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, ჯამში რამდენიმე ათას ლარს აღწევს. სწორედ ამიტომ, მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტების მიერ დამუშავებული პროტოკოლი დროულად დაამტკიცოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რათა მას მიეცეს ეროვნული პროტოკოლის სახე, რაც უკვე ოფიციალურად განსაზღვრავს დიაგნოზის დაფინანსების საკითხს.

MIS-C სინდრომის მართვის პროტოკოლი საქართველოს რესპირაციულმა ასოციაციამ, საქართველოს პედიატრთა აკადემიამ და საქართველოს საერთაშორისო გადაუდებელი დახმარების ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს ცოტა ხნის წინ წარუდგინა. პროტოკოლის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა ყველა ძირითადი მულტიპროფილური კლინიკა. მათ შორის, კლინიკები რეგიონებიდან. სწორედ ამ პროტოკოლის საფუძველზე უნდა მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება, მართვა და დიაგნოზის მკურნალობის საფასურის გაანგარიშება.

პროტოკოლში გაწერილია იმ ექიმების ჩამონათვალიც, რომლებიც დიაგნოზის დასმის პროცესში უნდა იღებდნენ მონაწილეობას და ესენი არიან ბავშვთა კარდიოლოგი, ბავშვთა რევმატოლოგი, ბავშვთა ნეფროლოგი, ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ბავშვთა პულმონოლოგი, ბავშვთა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი.

პროტოკოლში მითითებულია ისიც, რომ დიაგნოსტიკა და მართვა უნდა მოხდეს მხოლოდ მულტიპროფილურ პედიატრიულ კლინიკებში.

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექოტირის ივანე ჩხაიძის თქმით, MIS-C სინდრომი არ არის ერთი პედიატრის დასასმელი დიაგნოზი და ის მულტიდისციპლინურმა გუნდმა უნდა დასვას.

იმ 65 ბავშვიდან, რომელთაც MIS-C სინდრომის დიაგნოზი დაესვათ, დაახლოებით 45 პაციენტი სწორედ იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. მათგან 9 პაციენტი ამჟამადაც კლინიკაში რჩება. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია და ის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობს. MIS-C სინდრომის მქონე პაციენტებს შორის არიან სამცხე-ჯავახეთიდანაც.

საქართველოში, პაციენტთა საშუალო ასაკი 6,5 წელია, საერთაშორისო მაჩვენებელზე ოდნავ ნაკლები. მსოფლიოში MIS-C სინდრომით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 8 წელია.

radiotavisupleba.ge
| Print |