ჯანდაცვა
ასპინძაში კორონავირუსით მამის შემდეგ, შვილი გარდაიცვალა
დაბა ასპინძაში 53 წლის პაატა ნარიმანიძე გარდაიცვალა. მამაკაცს კორონავირუსი ჰქონდა და მკურნალობის კურსს თბილისში, კოვიდკლინიკაში გადიოდა. ის 25 იანვარს დაკრძალეს.

ერთი თვის წინ, 2020 წლის დეკემბერში კორონავირუსით გარდაიცვალა პაატა ნარიმანიძის მამაც. ვირუსი დაუდასტურდა გარდაცვლილი მამაკაცის დედასაც.

„პაატა ჯანმრთელი კაცი იყო, არაფერი აწუხებდა. ფილტვებზე შეექმნა პრობლემა, ექიმს გვიან მიმართა და მკურნალობა დაგვიანდა“, - ამბობენ ასპინძაში.

პაატა ნარიმანიძე მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი იყო. კომპანიამ განცხადება ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.

„ჩვენმა გუნდმა ამ საშინელი ვირუსის გამო, ძალიან ძვირფასი, პატიოსანი, ახალგაზრდა, ერთგული და საყვარელი ადამიანი, მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი - პაატა ნარიმანიძე დაკარგა. თანავუგრძნობთ ოჯახს, მეუღლესა და არაჩვეულებრივ შვილებს - ანას და ბარბარეს, თითოეულ თანამშრომელსა და მთელ ქვეყანას ასეთი საამაყო მამის, ღირსეული და საიმედო ადამიანის დაკარგვას“ - ნათქვამია განცხადებაში.

იმის გამო, რომ მამაკაცი თბილისში ცხოვრობდა და მკურნალობის კურსსაც იქვე გადიოდა, გარდაცვლილი რეგიონის სტატისტიკაში არ ასახულა.

26 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსს 44 პაციენტი ემსხვერპლა.

| Print |