ჯანდაცვა
პოსტკოვიდური მდგომარეობა - საფრთხილო პერიოდი კოვიდის გადატანის შემდეგ
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების უმეტესობა შემდგომში ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობას უჩივის. ზოგიერთ მათგანს, კოვიდის გადატანიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგაც კი გემოსა და სუნის შეგრძნება დაკარგული აქვს. ზოგიერთებს კუჭ-ნაწლავისა და მეხსიერების პრობლემები აწუხებთ. ექიმებმა მას პოსტკოვიდური მდგომარეობა უწოდეს.მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი დაამარცხეს, ადამიანების გარკვეული კატეგორია ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა. კოვიდგადატანილი პირების უმეტესობა ამბობს, რომ ისეთი პრობლემები შეექმნა, რომელიც კოვიდამდე არ აწუხებდა.

ცირა მესხიშვილი იმ ადამიანებს შორისაა, რომელსაც კორონავირუსის გადატანის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვირუსი ნოემბერში დაამარცხა, თუმცა დაურეგულირებელი წნევები, აჩქარებული გულისცემა, უძილობა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება დღემდე აწუხებს.

„კორონავირუსის ყველა ნიშანი და სირთულე გადავიტანე. პნევმონია, გემოსა და სუნის დაკარგვა, მშრალი და სველი ხველა, სუნთქვის უკმარისობა, დიარეა, პირღებინება - ეს ეტაპები გავიარე და დღემდე მაქვს გართულებები. კორონავირუსი გადავიტანე, მაგრამ თავს მაქსიმალურად ვუფრთხილდები და პირბადით დავდივარ, ყველა რეგულაციას ვიცავ“, - აღნიშნავს ცირა მესხიშვილი.

იგი მოსახლეობას ურჩევს, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაიტარონ. გაიკეთონ ყველა საჭირო ანალიზი და ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად აკონტროლონ.

ცირა მესხიშვილისგან განსხვავებით, ნათია ამბროლაძემ კორონავირუსი შედარებით მარტივად გადაიტანა, თუმცა კოვიდს გართულებები მაინც მოჰყვა. ამბობს, რომ ვირუსი ორი თვის წინ დაამარცხა, მაგრამ სისუსტის შეგრძნება და თავის ტკივილები დღემდე აწუხებს. იგი პოსტკოვიდურ გართულებებს მეგობარი ექიმების დახმარებით უმკლავდება.

„კონკრეტულად ექიმებისთვის არ მიმიმართავს, მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციები გავიარე“, - ამბობს ნათია ამბროლაძე.

მან იცის, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გრძელდება. პროცესს აკონტროლებს და იმედოვნებს, რომ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება.

რა სიმპტომები აწუხებთ ყველაზე ხშირად გამოჯანმრთელებულებს და რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ისინი - ამ კითხვებით საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მივმართეთ. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ადასტურებს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელება გაუჭირდა, რადგან თავი სხვადასხვა პრობლემამ იჩინა.

„უკვე სამი თვეა გასული მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დავამარცხე. მართალია გემოს ვგრძნობ, მაგრამ სუნს საერთოდ ვერა. გარდა ამისა, ფეხებისა და თავის ტკივლები მაწუხებს. მეხსიერების დაქვეითებასაც ვუჩივი“,- აღნიშნავს ნელი არსენიანი.

„კორონავირუსისგან ნოემბერში გამოვჯანმრთელდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სისუსტე მაქვს, დღემდე საშინლად მტკივა, ხელები, ფეხები და მთლიანად სახსრები“, - ამბობს გამოჯანმრთელებული იულია გურენცოვა.

„მეხსიერების დაქვეითებას ვუჩივი. თევზის ქონი და D ვიტამინი მივიღე. სუნი და გემოც აღმიდგა ვიტამინების დალევის შემდეგ მალევე. გირჩევთ, ფიზიკურ აქტიურობასა და მეტ ხალისს, უფრო მალე და ადვილად გადაიტანთ კორონას შემდგომ პერიოდს,“- ირწმუნება თამარ ლომიძე.

ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ პოსტკოვიდური გართულებები სამი თვის განმავლობაში გრძელდება და ადამიანები ხშირად სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ, რადგან მათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ. კოვიდის შემდეგ კი მდგომარეობა ნელ-ნელა უფრო მწვავდება.

„ხშირად ადამიანს პოსტკოვიდის პერიოდში უყალიბდება გულსისხლძარღვთა პრობლემები. აწუხებთ გულის ფრიალი და ეს ხშირ შემთხვევაში პოსტკოვიდთან არის დაკავშირებული. ასევე, თმის ცვენა, ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგს კუჭ-ნაწლავის პრობლემა აქვს და კოვიდის შემდეგ ეს პრობლემა დიდხანს რჩება“, - განმარტავს ეპიდემიოლოგი.

ერთ-ერთი პოსტკოვიდური პრობლემაა უძილობაც, რომელიც სამი თვის განმავლობაში ნელ-ნელა გაივლის, მაგრამ თუ ასე არ მოხდა მაია ბუწაშვილი მოსახლეობას ურჩევს, რომ ექიმებს მიმართონ.

იქიდან გამომდინარე, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობს კორონავირუსისგან ხელახლა დაინფიცირების რისკი, ეპიდემიოლოგები კოვიდგადატანილ პაციენტებს განსაკუთრებული სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.

„პოსტკოვიდურმა პაციენტებმა ჩვეულებრივ უნდა გააგრძელონ ცხოვრება, არაფერი მათ ყოველდღიურობაში არ იცვლება. ამასთან ერთად, მათ ყველა რეგულაცია უნდა დაიცვან“, - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

სპეციალისტები გამოჯანმრთელებულ ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, პოსტკოვიდურ მდგომარეობას ისეთივე სიფრთხილე სჭირდება, როგორც კორონავირუსს. ხშირია შემთხვევა, როცა გამოჯანმრთელებული პაციენტების ნაწილი მედიკოსებს ისევ იგივე ან სხვა ჩივილებით მიმართავს. სიმპტომები კოვიდის გადატანის შემდეგ მალევე უვლინდებათ და კვლავ საავადმყოფოებს უბრუნდებიან.

საქართველოში პოსტკოვიდური სიმპტომები გამოჯანმრთელებული პაციენტების დაახლოებით 20%-ს აწუხებს.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |