ჯანდაცვა
ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია დაგვიანდა - რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები მთავრობას
საქართველომ ოფიციალურად უკვე მიიღო დასტური, რომ თვის ბოლოს ქვეყანა Pfizer-ის 30 000-მდე დოზა ვაქცინას მიიღებს, თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ მთავრობა ვაქცინის მიმართ ნდობის გაზრდას, განსაკუთრებით სამიზნე ჯგუფებში, აგვიანებს.

საინფორმაციო სტრატეგია გაწერილია ვაქცინაციის სამოქმედო ეროვნულ გეგმაშიც, თუმცა აქტივობა პასუხისმგებელ რგოლს, ჯერ დაწყებული არ აქვს. არადა, NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების 41% ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს. 17% კი აფიქსირებს პოზიციას, რომ არ იცის, გაიკეთებს თუ არა.

მთავრობას ვაქცინის მაღალი მიმღებლობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებასთან დროული კომუნიკაციისკენ მოუწოდებენ ჯანდაცვის სპეციალისტები. აკაკი ზოიძე დღეს არსებულ ერთ-ერთ გამოწვევად, სწორედ საზოგადოების ამ ნაწილის დარწმუნებას მიიჩნევს, რომ ვაქცინის სიკეთე გაცილებით დიდია და პანდემიის დაძლევა მხოლოდ ვაქცინაციით არის მიღწევადი.

„პროცესს ორი მხარე აქვს. ერთია თვითონ ვაქცინის ფიზიკური ხელმისაწვდომობა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთი - ჩვენ დავარწმუნოთ ადამიანები და მეორე - ლოჯისტიკურად შევძლოთ ვაქცინის განთავსება. ჩემი აზრით, აქამდე უნდა დაწყებულიყო ვაქცინის თაობაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, რომ ის არის უსაფრთხო, რომ სარგებელი რისკებს გაცილებით აჭარბებს და კითხვებზე, რაც არსებობს - რატომ ასეთ მოკლე დროში, რომელი ვაქცინა, როგორ, რას შეიძლება ველოდოთ, რა არის მოსალოდნელი შედეგი, მიგვეწოდებინა ინფორმაცია".

მოსახლეობის 60-70% თუ არ აიცრება წლის ბოლომდე, ჩვენ ვერ შევძლებთ პანდემიაზე საუბრის დასრულებას, - ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო მირზიკაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის იმ 41%-ის ვაქცინაციის მხარეს გადაყვანა, რომლებიც NDI-ს გამოკითხვებით, კორონავირუსზე აცრას არ აპირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ გეგმის წარმატებით განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავასრულებთ პანდემიას. ყველას როლი ძალიან დიდია - სამოქალაქო სექტორის, მთავრობის, მედიის, იმისათვის რომ აქტიურად ვიმუშავოთ მოქალაქეებთან, რათა მოხდეს მოქალაქეების ვაქცინაცია. იმიტომ რომ შეიძლება დადგეს ის მომენტი, რომ იყოს ვაქცინა, მაგრამ მოსახლეობაში არ იყოს მოთხოვნა, აქედან გამომდინარე საინფორმაციო კამპანიას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტისთვის ქეთი ჩხატარაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ირგვლივ არსებული დეზინფორმაციის გაქარწყლება, რადგან ადამიანების არც თუ ისე ცოტა ნაწილი, მათ შორის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს.

„საინფორმაციო კამპანია დაგვინებულია. თებერვლის ბოლოს თუ იწყება ვაქცინაცია, ერთი თვე მინიმუმ მაინც უკვე უნდა მიდიოდეს საინფორმაციო კამპანია, მითუმეტეს არსებობს სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები, რომელიც მიანიშნებს, რომ მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი, საკმაოდ დამაჯერებლად აცხადებს, რომ იმუნიზაციას არ ჩაიტარებს. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და მე ვიტყოდი შემაშფოთებელია, საკმაოდ მაღალია მედიცინის მუშაკების პროცენტი იმ ადამიანებში, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. ამ ყველაფრის ფონზე ის ფაქტი, რომ დღემდე ოფიციალურად არანაირი საინფორმაციო კამპანია, გნებავთ ახსნა-განმარტებითი, გნებავთ ზოგადი საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არ არის დაწყებული, ეს ჩემთვის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტისთვის, საკმაოდ საშიში ნიშანია“, - აცხადებს ქეთი ჩხატარაშვილი.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს მოსახლეობის 60%-ის აცრას გეგმავს, ვაქცინაციის პროცესი კი სავარაუდოდ, გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს. უკვე ცნობილია ბიუჯეტიც, რასაც ქვეყანა ამ პროცესზე დახარჯავს, ვაქცინაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ეს თანხა 65-დან 158 მილიონ ლარს შორის მერყეობს. ბიუჯეტურ პარამეტრებში ფასების განსხვავება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას უკავშირდება.
| Print |