ჯანდაცვა
საქართველოს, თავისი დანაკარგით, დაახლოებით, 3,9 მლნ დოზა ვაქცინა სჭირდება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი იმედი აქვს, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინაციას მარტის პირველ ორ კვირაში დაიწყებს. მისი ვარაუდით, ვაქცინა თებერვლის ბოლოს, მარტის 10 რიცხვამდე უნდა მივიღოთ.

,,პარალელურად მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირდაპირი შესყიდვა. მოგეხსენებათ, "ასტრაზენეკას" რამდენიმე დიდი მწარმოებლისთვის აქვს ლიცენზია მიცემული. ეს არის სამხრეთ კორეის ერთ-ერთი დიდი კომპანია, ასევე ყველაზე დიდი მწარმოებელი ვაქცინის სერომის ინსტიტუტი და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უკვე კონტრაქტი ფორმდება „ასტრაზენეკას“ ლიცენზირებული ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. ეს სამი, რაც დაგისახელეთ, კონკრეტული გადაწყვეტილი მიღების გზებია, რომელსაც ქვეყანა დიდი ალბათობით მიიღებს. შესაძლებელია, იყოს ეს თებერვლის ბოლო დღეები, მარტის 10 რიცხვამდე. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც მარტის პირველ ორ კვირაში ვაქცინაციას ქვეყანა დაიწყებს", - თქვა ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოში შემოსატან ვაქცინათა შორის, "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინები განიხილება.

,,ამ ეტაპზე, ორი ტიპის ვაქცინაზეა საუბარი – ეს არის „ფაიზერის“, რომელიც არის ლიმიტირებული და რომელზეც შეთანხმება და დასტურია, რომ აძლევენ საქართველოს დაახლოებით 29 250 დოზას; მეორე ძირითადი მიმართულებაა ​„ასტრაზენეკა“. მუშაობა მიმდინარეობს „კოვაქს“ პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. აქაც დასტურია, რომ მარტის შუა რიცხვებში სადღაც 180 000-დან 300 000 დოზამდე გადმოგვეცემა პირველ ეტაპზე. „კოვაქსის“ მეშვეობით ჩვენ გვაქვს შეკვეთილი წლის განმავლობაში მისაღები 1 400 000 დოზა, ახლა მიმდინარეობს ბიუროკრატიული მექანიზმების დაძლევა, რომლის დამთავრების შემდეგ ეს პირველი პარტია დაიძვრება. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირდაპირი შესყიდვა", - აღნიშნა გამყრელიძემ "პირველი არხის" ეთერში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აქვთ გეგმა, რომლის თანახმად, მაისის ბოლომდე ორჯერადად კორონავირუსის ვაქცინით 200 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას. მისივე თქმით, ივნისიდან ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციაზე უნდა გადავიდეს. მისი თქმით, საქართველოს, თავისი დანაკარგით, დაახლოებით, 3,9 მლნ დოზა სჭირდება, აქედან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 1 400 000 დოზაზე, რაც გარკვეულწილად გარანტირებულია.
| Print |