ჯანდაცვა
ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება - ჯანმო
მიუხედავად იმისა, რომ „ლოქდაუნებისა“ და ვაქცინაციის პროგრამების წყალობით კოვიდ 19-ის გავრცელება ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა, ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.

”თუ ვაქცინები დაიწყებენ ზეგავლენის მოხდენას არა მხოლოდ სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე, არამედ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ გავრცელების დინამიკასა და რისკზეც, მჯერა, რომ ჩვენ დავაჩქარებთ ამ პანდემიაზე კონტროლის მოპოვებას“, - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, გასულ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების გლობალურმა რაოდენობამ მოიმატა. კერძოდ, ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა 6 რეგიონიდან 4-ში: ამერიკაში, ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ”ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ არა გასაკვირი“.

”ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ გავრცელების ზრდის მიზეზი. როგორც ჩანს, ეს გამოწვეულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შემსუბუქებით, ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის გავრცელებითა და ადამიანების მიერ საჭირო ზომების არასათანადოდ დაცვით,“ - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ვაქცინები ხელს შეუწყობს ადამიანების გადარჩენას, თუმცა, "თუ ქვეყნები მხოლოდ ვაქცინებს დაეყრდნობიან, ისინი შეცდომას დაუშვებენ".

”რეაგირების საფუძვლად საზოგადოების ჯანდაცვის ძირითადი ზომების დაცვა რჩება”, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.
| Print |