ჯანდაცვა
აცრის შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუ ექთანთან, რომელიც სავარაუდოდ, ვაქცინაციის შემდეგ ცუდად გახდა
„მოვუწოდებ, რომ აიცრან“, - ექთანი მეგი ბაქრაძე დღეს, 12:15 წუთზე, ახალციხის კლინიკა „იმედში“ აიცრა და უშუალოდ ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, რაც „მეცხრე არხის“ კამერამაც აღბეჭდა. ჩვენ მას აცრის შემდეგ გავესაუბრეთ. ექთანი აცრის აუცილებლობას უსვამს ხაზს და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს.

კლინიკა „იმედის“ ექთანს მეგი ბაქრაძეს აცრამდე ტემპერატურა გაუზომეს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ამის შემდეგ გაუკეთეს. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჯგუფი კლინიკაში, ექთნის აცრიდან, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. სწორედ ამ პერიოდში ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ. შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

მომხდარის შესახებ არ საუბრობენ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ზედგინიძემ კი ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა. სამინისტროში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს AstraZeneca-ს რაიმე კავშირს გართულებებთან და ამ სავარაუდო ინფორმაციას არც ჯანმო ადასტურებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია AstraZeneca-ს უსაფრთხო ვაქცინად მიიჩნევს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზოგ ადამიანს, განსაკუთრებით მათ, ვინც ალერგიულია, კორონავირუსის ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე, ისევე როგორც სხვა ვაქცინასა თუ წამალზე, შესაძლოა ჰქონდეს რეაქციის მაღალი რისკი. მილიონ აცრილ ადამიანში ერთს, შეიძლება განუვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქცია. ჯანმო-ს ჩევით, აცრილმა ადამიანმა არ უნდა დატოვოს კლინიკა ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთის განმავლობაში. ვაქცინაციის ყველა პუნქტში უნდა იყოს ექიმი შესაბამისი აღჭურვილობით, რომ დროულად შესძლოს დახმარების აღმოჩენა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა მსოფლიოში 17 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.


| Print |