ჯანდაცვა
წლის მანძილზე გვაქვს ანაფილაქსიური შოკის 60-დან 80-მდე შემთხვევა - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ანაფილაქსიური შოკი მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინაციას არ ახლავს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ყოველწლიურად 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა ხდება.

“ეს არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას ან კონკრეტულად “ასტრაზენეკას”, ეს არის ერთ-ერთი ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში. ჩვენ ასევე შევისწავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი სტატისტიკა და წლის მანძილზე გვაქვს 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც არ ხდება საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი. ასევე ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები "ასტრაზენეკასთან" მიმართებაში, როდესაც 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება, ამ 41-დან არც ერთი არ ყოფილა ლეტალური, აქედან გამომდინარე, ეს არ იძლევა საფუძველს, რომ ვაქცინაციის პროცესი შეჩერდეს და მას რისკები შეექმნას”, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალციხის შემთხვევა რეგულირების სააგენტომ დეტალური შეისწავლა და მოიკვლია ის ქმედებების, რომელიც კლინიკაში 27 წლის ექთანთან დაკავშირებით განხორციელდა.

“ყველა ეს დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც მოქალაქეებს დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რისგან დადგა არსებული ფაქტი".

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. პაციენტს დღეს, 19 მარტს 12:00 საათზე გული მეორედ გაუჩერდა და გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოში “ასტრაზენეკით” ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია". ამის შესახებ გუშინ, 18 მარტს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება. საკითხს ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ. ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ კვლევებს გააგრძელებენ.

ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.
| Print |