ჯანდაცვა
ექთანს კოვიდი გადატანილი არ ჰქონდა - კლინიკის დირექტორი
მეგი ბაქრაძე, რომელიც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, საცხოვრებელ სახლში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ. 27 წლის ქალი ადიგენის სოფელ ენთელში ცხოვრობდა. კლინიკა „იმედის“ მედდას ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

„თავიდან სანიტარი იყო, შემდეგ ოპერატორის მოვალეობას ასრულებდა. ჩვენ კოვიდ კლინიკა ვართ და ცხვირ-ხახის ნაცხის აღებაში ეხმარებოდა ლაბორანტებს. მოწადინებული იყო, რომ აცრილიყო. კოვიდი გადატანილი არ ჰქონდა. მომხდარის შემდეგ იყო საუბრები, ხომ არ ჰქონდა ვირუსი. ჩვენ 7-14 დღეში ერთხელ ვიტესტებით, ამიტომ გამორიცხულია, რომ კოვიდი ჰქონდა და ჩვენ არ ვიცოდით“, - გვიყვება კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე.

18 მარტს კლინიკა „იმედში“ ვაქცინაციის მსურველი ათი მედპერსონალი შეიკრიბა, მათ შორის იყო მეგი ბაქრაძე. სანამ ექთანს აცრიდნენ, მანამდე ცხრა პირი აიცრა. კლინიკაში ამბობენ, რომ მათთან რაიმე სახის უკუჩვენება არ გამოვლენილა. ვაქცინაციაჩატარებულ მედიკოსებს შორისაა ქირურგიული განყოფილების გამგე გოგი გოგოტიშვილი, რომელსაც ინექცია მეგიმდე ხუთი წუთით ადრე შეუყვანეს. მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ, სხეულის ტემპერატურა მხოლოდ ორ თანამშრომელს დაუფიქსირდა.

„კლინიკაში პირველი აცრა ორშაბათს ჩატარდა, მათგან ვისაც კოვიდი გადატანილი ჰქონდა, ტემპერატურა დაუფიქსირდა. ეს იყო ჩვეულებრივი, ნორმალური, ორგანიზმის იმუნური რეაქცია, რომელიც ვაქცინის შეყვანის შემდეგ უნდა იყოს“, - ამბობს გოგი გოგოტიშვილი.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.


| Print |