ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ კლინიკაში ვაქცინაცია შეწყდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განმარტა, მრავალპროფილურ კლინიკებში არის რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ვაქცინაცია მეტად უსაფრთხოა. 

ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. 42 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და ყველა იმ პირობასთან ერთად, რაც ამბულატორიებში და სტაციონარებში არის, ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის აქ არის კიდევ დამატებითი რეანიმაციული განყოფილება, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ ჩარევა იყოს დროული“, - განაცხადა გაბუნიამ. 

ოთხი დღის განმავლობაში ვაქცინაცია საქართველოს 88 კლინიკაში მიმდინარეობდა, მათგან ნახევარ დაწესებულებაში პროცესი შეწყდა. მათ შორისაა სამცხე-ჯავახეთში "ევექსის" ქსელში შემავალი ნინოწმინდის, ასპინძისა და ადიგენის საავადმყოფოები. ვაქცინაცია გაგრძელდება ბორჯომის სამედიცინო ცენტრში. მისი მენეჯერის თქმით, 18 მარტს ვაქცინაცია ექვს პირს ჩაუტარდა, ოთხი ადამიანის დოზა კი დაიკარგა. ირაკლი დიასამიძე ამბობს, რომ ეს ვაქცინის მსურველთა მცირე რაოდენობამ გამოიწვია.

რეანიმაციული განყოფილება აქვს ახალციხის კლინიკა „იმედს“, სადაც ვაქცინაცია დღეს არ ჩატარდება. booking.gov.ge-ს მონაცემების მიხედვით, კლინიკაში ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მხოლოდ სამმა ადამიანმა გაიარა. 

ახალქალაქის კლინიკა მრავალპროფილურია და შესაბამისად ვაქცინაციას განაგრძობს, მაგრამ მსურველთა სიმცირის გამო ვაქცინაცია აქაც არ ჩატარებულა. 

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 13 მარტს მიიღეს. ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. გეგმის მიხედვით, თავდაპირველად სამედიცინო პერსონალი აიცრება. 
| Print |