ჯანდაცვა
ახალციხელ ექთანს ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა - მინისტრის მოადგილე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხელ ექთანს, რომელიც ანაფილაქსიური შოკით განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაიცვალა, კლინიკა „იმედში“ ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა.

"მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. ყველა ის ჩარევა, რომელიც პროტოკოლში არის აღწერილი, გუშინდელი ინფორმაციით, რომელიც რეგულირების სააგენტომ მოიპოვა, ჩატარებულია. ექსპერტების ჯგუფი კიდევ ატარებს ამაზე მოკვლევას“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვაქცინაციაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულების, მათ შორის ახალციხის კლინიკა „იმედის“ მედპერსონალი პროცესის დაწყებამდე გადამზადდა.

27 წლის ექთანი, რომელსაც 18 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. 

მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
| Print |