ჯანდაცვა
ექთანს ანტიშოკური პირველადი დახმარება წამებში აღმოუჩინეს - კლინიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებები
რა სახის პირველადი დახმარება აღმოუჩინეს ახალციხელ ექთანს მას შემდეგ, როცა ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, - განმარტება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკა „იმედში“ გააკეთეს. კლინიკური მენეჯერის თქმით, 28 წლის მეგი ბაქრაძეს ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთში დაეწყო კანის წვა და ქავილი, შემდეგ კი გონება დაკარგა. მას ანტიშოკური დახმარება წამებში გაეწია, ვინაიდან იმუნიზაციის ოთახში „გამზადებული შპრიცით დევს“ პროტოკოლით გათვალისწინებული წამლები. რეანიმატოლოგის ადგილზე მისვლასაც მხოლოდ წუთი დასჭირდა. შესაბამისი პირველადი დახმარების შემდეგ პაციენტი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკამ მაშინვე გადასცა ინფორმაცია შესაბამის სამსახურს და შემდგომში მათი მითითებით მოქმედებდა. მზია კაკოშვილი აცხადებს, რომ დაყოვნების ოთახი აღჭურვილია პირველადი დახმარების ყველა საჭირო მედიკამენტითა და აპარატურით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები საქართველოში ყოველ წელს ფიქსირდებოდა. ვლინდება.

2015 წელი - 47 შემთხვევა, აქედან 1 გარდაიცვალა,
2016 წელი - 55 შემთხვევა,
2017 წელი – 63 შემთხვევა, საიდანაც 2 გარდაიცვალა,
2018 წელი - 69 შემთხვევა, აქედან 1 გარდაიცვალა
2019 წელი - 78 შემთხვევა, მათგან 2 გარდაიცვალა,
2020 წელი - 40 შემთხვევა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ანაფილაქსიური შოკის არც ერთი შემთხვვევა ვაქცინაციასთან დაკავშირებული არ იყო. მათი უმეტესობა სხვადასხვა მედიკამენტზე რეაქციის შედეგად განვითარდა.

გამყრელიძე განმარტავს, რომ მომხდარის მიუხედავად, ვაქცინაციას კორონავირუსთან ბრძოლაში ალტერნატივა არ აქვს. ერთ წელში, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით 3 683 პირი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხელ ექთანს კლინიკა „იმედში“ პირველადი დახმარება პროტოკოლის მიხედვით ჩაუტარდა. აღმოუჩინეს.

„ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება. ყველა ის ჩარევა, რომელიც პროტოკოლში არის აღწერილი - ჩატარებულია. ექსპერტების ჯგუფი კიდევ ატარებს მოკვლევას“, - განაცხადა გაბუნიამ.

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკაში მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


| Print |