ჯანდაცვა
მეგი ბაქრაძის ვაქცინაცია - დაუმონტაჟებელი კადრები იმუნიზაციის კაბინეტიდან
ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე 18 მარტს, 12:15 წუთზე აიცრა და უშუალოდ ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, რაც „მეცხრე არხის“ კამერამაც აღბეჭდა. ჩვენ მას აცრის შემდეგ გავესაუბრეთ. ექთანი აცრის აუცილებლობას უსვამდა ხაზს და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობდა.

კლინიკა „იმედის“ ექთანს მეგი ბაქრაძეს აცრამდე ტემპერატურა გაუზომეს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ამის შემდეგ გაუკეთეს. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჯგუფი კლინიკაში, ექთნის აცრიდან, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. სწორედ ამ პერიოდში ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ. შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა. მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. პაციენტი მეორე დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. 

ექთნის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგარზრდა ქალს შესაბაისი მკურნალობა არ ჩაუტარდა, რასაც კლინიკაში კატეგორიულად უარყოფენ. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზოგ ადამიანს, განსაკუთრებით მათ, ვინც ალერგიულია, კორონავირუსის ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე, ისევე როგორც სხვა ვაქცინასა თუ წამალზე, შესაძლოა ჰქონდეს რეაქციის მაღალი რისკი. მილიონ აცრილ ადამიანში ერთს, შეიძლება განუვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქცია. ჯანმო-ს ჩევით, აცრილმა ადამიანმა არ უნდა დატოვოს კლინიკა ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთის განმავლობაში. ვაქცინაციის ყველა პუნქტში უნდა იყოს ექიმი შესაბამისი აღჭურვილობით, რომ დროულად შესძლოს დახმარების აღმოჩენა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა მსოფლიოში 17 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.

| Print |