ჯანდაცვა
შემთხვევის დროს რეანიმატოლოგი კლინიკაში არ იმყოფებოდა - ახალი დეტალები მეგი ბაქრაძის საქმეში
მას შემდეგ, რაც ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთანს კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, სამი დღე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში კლინიკაში ირწმუნებოდნენ, რომ რეანიმატოლოგი მეორე სართულზე იყო და მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება მაშინვე აღმოუჩინა.

შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ როცა 28 წლის ქალი შეუძლოდ გახდა, რეანიმატოლოგი კლინიკაში არ იმყოფებოდა. ამას ადასტურებს თავად გიორგი აფციაურიც. ის ამ დეტალებზე მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრებს გუშინ, 20 მარტს ესაუბრა.

„გუბერნიაში ვიყავი საქმეზეო, დამირეკეს და მითხრეს მეგი ცუდად არის, შოკი ჰქონდაო, გავუკეთეთ წამალი და გამოვიყვანეთ მდგომარეობიდანო. მაშინვე ჩავრთე ავარიულები და წავედი კლინიკაშიო. ვეკითხებით, როცა მიხვედი რამდენი ხნის გაჩერებული ჰქონდა გულიო, ამბობს არ ვიციო, გათიშული დამხვდაო“, - ამბობს მეგი ბაქრაძის მაზლი მალხაზ კობახიძე.

რეანიმატოლოგმა ოჯახს უთხრა, რომ მეგი ბაქრაძის ვაქცინაციის დროს მასთან იმყოფებოდა. როცა ინექციის შეყვანის პროცესმა მშვიდად ჩაიარა, მან კლინიკა დატოვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სანამ რეანიმატოლოგი კლინიკაში მივიდა, გადამწყვეტი დრო - 10 წუთი დაიკარგა.

„ჩვენ ვკითხეთ რეანიმატოლოგს, სანამ თქვენ დაგირეკეს, სანამ ჩახვედით კლინიკაში და დრო დაიკარგა 10-15 წუთი, რა მოუვიდოდა მეგის ამ დროში? გვითხრა, გულის გაჩერების შემდეგ 8 წუთი ძლებს ტვინიო, მივიდა და ვითომ აუმუშავა გული. დრო დაიკარგა და იმიტომ მოხდა ასე. ფაქტია, გარდაცვლილი იყო ადამიანი. ქმარი რომ შევარდა რეანიმაციაში, ნახა რომ ზეწარი ჰქონდა გადაფარებული მკერდს ქვემოთ, სახე ჰქონდა დასიებული, თვალები გადმოწეული. არც სასუნთქი აპარატი ედგა და არც არაფერი“, - ამბობენ ახლობლები.

20 ივნისს იმუნიზაციის კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ რეანიმატოლოგი კლინიკაში იყო და სანამ მეგისთან მისასვლელად ის დრო დასჭირდა, რაც მეორე სართულიდან პირველზე ჩასასვლელად უნდოდა.

„პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ მეგი უკეთესად გახდა, მაგრამ სამ წუთში იგრძნო ძლიერი თავის ტკივილი. ეგრევე დავუძახე რეანიმატოლოგს. რეანიმაცია არის მეორე სართულზე, წამებში გაჩნდა გიორგი (რეანიმატოლოგი) ჩვენთან. გიორგი რომ მოვიდა, მეგის დაეწყო ღებინება და კრუნჩხვაში ჩავარდა. მე გამოვიწიე უკან და გიორგი მივუშვი“.

დღეს, 21 მარტს გიორგი აფციაურმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ანაფილაქსიური შოკის განვითარების დროს კლინიკაში არ იმყოფებოდა.

„გასული ვიყავი, მაგრამ დამირეკეს თუ არა, მაშინვე მოვედი, მეტს ვერაფერს გეტყვით“, - თქვა რეანიმატოლოგმა.

ეს არ არის ერთადერთი ბრალდება, რასაც გარდაცვლილი მედდის ოჯახის წევრები კლინიკას უყენებენ. მათი თქმით, ვაქცინაციის წინა დღეს მეგი ბაქრაძეს პროთრომბინი მაღალი, ჰემოგლობინი კი დაბალი ჰქონდა. ამის გამო ექიმებმა ახალგაზრდა ქალს ერთ-ერთი მედიკამენტის რამდენიმე აბის მიღება ურჩიეს. მეგიმ წამალი დალია და ვაქცინის გასაკეთებლად წავიდა.

მედიკამენტის დანიშვნას კატეგორიულად უარყოფენ კლინიკა "იმედში". ექიმები ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან და შესაძლოა, მეგიმ წამალი თვითნებურად დალია.

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკაში მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
| Print |