ჯანდაცვა
"შემთხვევიდან ორ წუთში საავადმყოფოში ვიყავი" - რეანიმატოლოგი
ახალციხის კლინიკა „იმედში“ გარდაცვლილი მედდის ოჯახის წევრების ბრალდებას უპასუხეს. მეგი ბაქრაძის ქმარი ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკის განვითარების დროს, კლინიკაში რეანიმატოლოგი არ იმყოფებოდა. დირექტორი გიორგი ბარძიმაძე და რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური აცხადებენ, რომ ვაქცინაციის დროს რეანიმატოლოგის კლინიკაში ყოფნას პროტოკოლი არ ითვალისწინებს.

სამედიცინო პეროსნალის მტკიცებით, პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, რეანიმატოლოგი კლინიკაში 2-3 წუთში მივიდა.

„იმედის“ დირექტორი გიორგი ბარძიმაძე უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ მეგი ბაქრაძემ კლინიკაში ანალიზი გაიკეთა, რომლის მიხედვითაც ჰემოგლობინი დაბალი, პოთრომბინი კი მაღალი ჰქონდა და შესაბამის მედიკამენტებს იღებდა.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესში“ წერია, რომ სამედიცინო დაწესებულება, სადაც ტარდება ვაქცინაცია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ანაფილაქსიის მართვის მცოდნე პერსონალით, შესაბამისი მედიკამენტებით და აღჭურვილობებით. ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინაციის ყველა პუნქტში ეპინეფრინით წინასწარ შევსებული შპრიცი ან აუტოინჯექტორი, H1 ანტიჰისტამინი (მაგ, დიფენჰიდრამინი), წნევის საზომი აპარატი, სტეტოსკოპი, წამზომი პულსის დასათვლელად.

„COVID-19 ვაქცინაციის კაბინეტი დროის ნებისმიერ მომენტში აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ ეპინეფრინის 3 დოზით. ანტიჰისტამინები შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც დამხმარე საშუალება, მაგარამ არასდროს არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც თავდაპირველი, ან, ერთადერთი მკურნალობის მეთოდი. დამატებითი ყურადღება უნდა დაეთმოს პაციენტს თუ პერორალურად მიეწოდება მედიკამენტები და მოსალოდნელია სასუნთქი გზების ობსტრუქცია“.

მოგვიანებით, პოს ტვ - ისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი აფციაურმა განაცხადა, რომ  მას პროტოკოლით გათვალისწინებული წესები არ დაურღვევია.

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკაში მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
| Print |