ჯანდაცვა
მსურველთა არყოფნის გამო, სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაცია არ ტარდება
სამცხე-ჯავახეთში ორშაბათი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების დღეა, თუმცა რეგიონში ვაქცინაციას არავინ იტარებს. BOOKING.GOV.GE-ს მიხედვით, 22, 23 და 24 მარტს აცრის სურვილი ჯერ არც ერთ სამედიცინო პერსონალს არ გამოუთქვამს და ვიზიტი არ დაუჯავშნია.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა შეტანილია რეგიონის სამ სამედიცინო დაწესებულებაში - ახალციხის კლინიკა „იმედში“, ბორჯომის სამედიცინო ცენტრსა და ახალქალაქის საავადმყოფოში. 

ვაქცინის ერთი ფლაკონი იმ შემთხვევაში იხსნება, თუ 10 მსურველი შეგროვდება. ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში გვითხრეს, რომ აცრის მსურველი ჯერ არ ჰყავთ. 

პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

სამცხე-ჯავახეთში ვაქცინის 1 400 დოზაა შემოტანილი. ვაქცინაცია 15 მარტს ახალციხიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს „იმედში“ ვაქცინაცია ჩაიტარა ამავე კლინიკის მედდამ მეგი ბაქრაძემ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

| Print |