ჯანდაცვა
დაიწყო თუ არა საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შესაძლებელია, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების აღმავალ ფაზაში, მესამე ტალღის წინაშე აღმოჩნდეს. "დღის კურიერის" ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ამის გამომწვევი მიზეზები რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობაა, საუბარია სოციალურ დისტანციასა და პირბადის ტარებაზე.

,,ამას მე არ უარვყოფ, ამის მოლოდინი ჩვენ ყოველთვის გვქონდა და ნებისმიერი გახსნების პირობებში ჩვენ ყოველთვის ვაანონსებდით, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე იმისთვის, რომ ხანგრძლივად იყოს გახსნა შენარჩუნებული. სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ არანაირი სოციალური დისტანცია არ გაგვაჩნია. ძალიან მოკლე დროში დაგვავიწყდა ჩვენ ის რთულად გამოვლილი მეორე ტალღა, რომელიც შემოდგომაზე გვქონდა.

ასევე, მინიმუმამდე არის დასული პირბადეების ტარება, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ინფექციის გავრცელებაზე. დღეს ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე ერთს აღემატება, რაც თავისთავად მიუთითებს იმას, რომ შეიძლება ძალიან მალე ჩვენ აღმოვჩნდეთ აღმავალ ფაზაში, რომელიც შეიძლება იქნეს წოდებული როგორც ინფექციის გავრცელების მესამე ტალღა,
" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ირწმუნება, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ფხაკაძემ Facebook-ის ლაივ-ჩართვის დროს განაცხადა.

,,საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო – დიახ, გიორგი ფხაკაძე ფიქრობს ასე, მისი ე.წ "აფერისტული განათლებით" და ექსპერტიზობით.

ტალღის დაწყება არ ნიშნავს, რომ ქვეყანას 10 000 ადამიანი უნდა ჰყავდეს ინფიცირებული. ტალღა ნელ-ნელა გეპარება. ჩემი სიტყვები გაიხსენეთ 2 კვირაში,"
– აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
| Print |