ჯანდაცვა
როცა გავსინჯეთ, მივხვდი რომ ჩემი ბრძოლა ამ პაციენტთან აღმოჩნდებოდა უეფექტო - ლევან რატიანი მეგი ბაქრაძის შესახებ
გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა გაიხსენა. ლევან რატიანის თქმით, ის თავიდანვე მიხვდა, რომ ექიმების ,,ბრძოლა იქნებოდა უეფექტო".

ამბობს, რომ 28 წლის მედდა ახალციხის კლინიკიდან თბილისში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს.

,,იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, წნევა იყო მკვეთრად არასტაბილური, საჭიროებდა მეგადოზებით გემოდინამიკის შენარჩუნებას. ჩემთვის ძალიან ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როცა პაციენტი ვნახე ეს იყო სამბალიანი კომა, რომლიც სამწუხაროდ ექიმისთვის ძალიან ცუდი აღსაქმელია. განსაკუთრებით როცა ეხება ახალგაზრდას. სიმართლე გითხრათ, იმ წუთში როცა გავსინჯეთ, მივხვდი რომ ჩემი ბრძოლა ამ პაციენტთან აღმოჩნდებოდა უეფექტო", - განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში პირველი საინივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა.

ლევან რატიანმა ისიც აღნიშნა, რომ კლინიკა "იმედში" ჩატარებული მანიპულაციების შესახებ, მას ინფორმაცია რეანიმატოლოგმა მიაწოდა, რომელიც  28 წლის მედდას თბილისში ჩამოჰყვა. რაც შეეხება დამატებით გასაკეთებელ ღონისძიებებს, რისი გაკეთება იყო შესაძლებელი, აღნიშნა: 

,,მე არავის კრიტიკის უფლება არ მაქვს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მოვლენის მომსწრე არ ვყოფილვარ მაგრამ, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ანაფილაქსიური მართვის პროტოკოლი ყველა რეანიმატოლოგმა წარმატებით იცის", - თქვა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

28 წლის ექთანი დღეს, 23 მარტს დაკრძალეს.

| Print |