ჯანდაცვა
AstraZeneca-მ საქმის მასალები და ვაქცინის ამპულა მოითხოვა - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების განცხადებით, დღეს, 26 მარტს "ასტრაზენეკას" ბრიტანეთის ფილიალიდან წერილზე ოფიციალური პასუხი მიიღეს. კომპანია თანახმაა ითანამშრომლოს და ჩაერთოს საქმის მოკვლევაში, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა კავშირი 28 წლის მედიის სიკვდილს ვაქცინაციასთან.

კომპანია ითხოვს, რომ ქართულმა მხარემ გადასცეს ყველა დოკუმენტი, რაც გარდაცვლილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. მათ შორის, როგორი გრძნობდა თავს მეგი ბაქრაძე აცრამდე და სამხარაულის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც სიკვდილის მიზეზი უნდა დაადგინოს.

ადვოკატები იმედოვნებენ, რომ საგამოძიებო უწყება მათ ყველა ჩამოთვლილ დოკუმენტაციას მიაწვდის.

28 წლის მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

| Print |