ჯანდაცვა
"ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა" - რატიანი გარდაცვლილ მედდაზე
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან მის კლინიკაში შეყვანისას ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაცვლილი არ იყო და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა, მეგი ბაქრაძის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას კრიტიკული იყო, თუმცა, გულისცემა და არტერიული წნევა შესაბამისი პრეპარატებით ნარჩუნდებოდა.

"რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას - რომ ქალბატონი მეგი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 მარტს, ის იყო სამწუხაროდ, მიცვალებული. ქალბატონი მეგი კატასტროფის ბრიგადის მიერ გადმოყვანილ იქნა 19:45 საათზე ჩვენს კლინიკაში. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, რაც იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას.

დაფიქსირდა, რომ იყო ჰემოდინამიკის მკვეთრი მოშლა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ის იყო გარდაცვლილი, ვინაიდან სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება. ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, იყო არტერიული წნევა შენარჩუნებული მეგადოზებით, იმ პრეპარატებით რაც იძლევიან წნევის აწევას. რაც შეეხება შემოსვლისას არსებულ მდგომარეობას, იყო კრიტიკული, შეუქცევადი. სამწუხაროდ, ეს გამოწვეული იყო ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით, მყარი ვაზოპლეგიით. ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია საბოლოოდ გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილის დაფიქსირება“, - განაცხადა რატიანმა.

გარდაცვლილი მედდის ოჯახის წევრები კი დარწმუნებულნი არიან, რომ მეგი ბაქრაძე თბილისში მხოლოდ ერთი მიზეზით გადაიყვანეს - კლინიკა "იმედში" შექმნილი დაძაბული სიტუაცია განმუხტულიყო. 

28 წლის მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

| Print |