ჯანდაცვა
საქართველოში ანაფილაქსიური შოკით ექვს წელში ექვსი პირი გარდაიცვალა (ინფოგრაფიკა)
სამცხე-ჯავახეთში ორი კვირაა ვაქცინაციის პროცესი შეწყვეტილია. მას შემდეგ, როცა 18 მარტს, კლინიკა „იმედში“ მეგი ბაქრაძეს გვერდითი რეაქცია, პირველადი შეფასებით ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, „ასტრაზენეკას“ გაკეთების სურვილი არც ერთ მედიკოსს გამოუთქვამს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები საქართველოში ყოველ წელს ვლინდება. მისი თქმით, ვაქცინაციასთან არც ერთი შემთხვვევა იყო დაკავშირებული. მათი უმეტესობა სხვადასხვა მედიკამენტზე რეაქციის შედეგად განვითარდა.

სანამ ვაქცინაცია შეწყდებოდა, ოთხ დღეში, სამცხე-ჯავახეთში 26 მედიკოსი აიცრა. აქედან 20 ახალციხეში, 6 კი ბორჯომში.

28 წლის მედიის გარდაცვალების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 88-დან 42-მდე შემცირდა იმ კლინიკების რაოდენობა, სადაც ვაქცინაცია ხორციელდებოდა. ამის გამო, სამცხე-ჯავახეთში ექვსიდან მხოლოდ ორი კლინიკა დარჩა, სადაც აცრის ჩატარებაა შესაძლებელი - ახალციხის კლინიკა „იმედი“ და ახალქალაქის ჰოსპიტალი.

booking.moh.gov.ge-ს მიხედვით, ახალქალაქში არც ერთი პირია დარეგისტრირებული. რაც შეეხება ახალციხეს - 15 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია 6 პირს აქვს გავლილი, თუმცა ვაქცინის გახსნისთვის 10 პირია საჭირო. 

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში Covid-საწინააღმდეგო ვაქცინით 6 757 ადამიანია აცრილი. 
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |