ჯანდაცვა
Covid-ვაქცინის იმ დოზებით, რომელთა დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელებს და ჯარისკაცებს აცრიან
Covid-ვაქცინის იმ დოზებით, რომელთა დაკარგვის რისკი არსებობს, პოლიციელებს და ჯარისკაცებს აცრიან,- შესაბამისი გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭომ მიიღო. ინფორმაცია მედიას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიაწოდა.

მისი თქმით, შეიქმნება ჯარისა და პოლიციის სათადარიგო სიები და თუ დადგება რისკი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, დაიკარგოს(ვადა გაუვიდეს), ამ დოზებით სწორედ სათადარიგო სიებში არსებულ პირებს აცრიან.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 181 დოზა უკვე დაკარგა.

„ბევრი მოსაზრებაა იმასთან დაკავშირებით, ვაქცინის რამდენი დოზა იკარგება. ამ ეტაპზე მხოლოდ 3%-მდე დოზაა დაკარგული - ეს 181 დოზაა. იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციის და ჯარის ჩართულობით მოხდეს სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა მინისტრმა.
| Print |