ჯანდაცვა
რამდენია აცრის მსურველი მედიკოსი სამცხე-ჯავახეთში
მომავალი შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად booking.moh.gov.ge-ზე მხოლოდ 12 პირია დარეგისტრირებული. მათ მითითებული აქვთ, რომ აცრა ახალციხის კლინიკა "იმედში", სურთ. რეგისტრირებული პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას 5, 7, 14 და 15 აპრილს აპირებენ, თუმცა თუ ათი მსურველი არ დარეგისტრირდა ამპულა ვერ გაიხსნება და შესაბამისად, ვაქცინაცია ვერ ჩატარდება.
რაც შეეხება ახალქალაქს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან თითქმის 20 დღეა გასული, აცრის სურვილი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში არავის გამოუთქვამს. ბორჯომის კლინიკა კი ვაქცინაციის პროცესს გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 13 მარტს მიიღეს. ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

ფაიზერის ვაქცინით სამცხე-ჯავახეთში აცრა შეუძლებელია, რადგან ამერიკული წარმოების ვაქცინაცია დედაქალაქის გარდა მხოლოდ ორ რეგიონშია შესაძლებელი - აჭარასა და იმერეთში.

| Print |