ჯანდაცვა
ვიცოდი, რომ დაბალ რგოლზე, ექთნებზე გადატყდებოდა - გარდაცვლილი მედდის ქმარი
გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრებს, ექიმების შეცვლილი ჩვენების არ სჯერათ. მათი თქმით, ჯანდაცვის სექტორი და ძალოვანი უწყებები ცდილობენ, რეალური დამნაშავიდან ყურადღება სამედიცინო პერსონალზე გადაიტანონ.

მეგი ბაქრაძის ქმარი და დედამთილი დარწმუნებული არიან, რომ იმუნიზაციის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე კლინიკაში იმყოფებოდა იმ დროს, როცა მეგის გვერდითი რეაქცია, პირველადი ინფორმაციით ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა. მანუჩარ კობახიძე ვარაუდობს, რომ ექიმებმა გამომძიებლების და კლინიკის ადმინისტრაციის ზეწოლით შეცვალეს ჩვენება.


კლინიკა "იმედის" ორ ექიმსა და ერთ ექთანს პროკურატურამ ბრალი ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, შვიდ აპრილს წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვიოლეტა ინასარიძე არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიებისთვის მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტოც, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

28 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
| Print |