ჯანდაცვა
საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათზე იმსჯელა
ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არსებული შეზღუდვები, მათ შორის „კომენდანტის საათი“ შევამსუბუქოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმატებს როგორც ინფიცირების შემთხვევები, ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც საყურადღებოა.

„2%-ს გადავცდით, რაც რა თქმა უნდა, საყურადღებოა და ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც იყენებს ევროპის ბევრი ქვეყანა და ჩვენზე უარესი რეგულაციებია იმ ქვეყნებში დაწესებული, რადგან უკიდურესად საჭიროა. ჩვენ გვესმის მოქალაქეების წუხილი და დისკომფორტი, მაგრამ დღეს ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, მოიმატა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობამ. მისი ინფორმაციით, კლინიკებში ამ დროისთვის არის 2 129 პაციენტი, 357 პაციენტი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 68 - მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. თავისუფალი რჩება 2 357 საწოლი.

„ბოლო პერიოდში შემთხვევების რაოდენობა, დაახლოებით, 800-ს აღწევს, ტესტირების პროგრამა მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, 30 ათასს გადააჭარბა ყოველდღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობამ, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი დღეს ჩვენთვის ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, დაემატა ონლაინ კლინიკები, რადგან ბოლო პერიოდში იმატა ზარების რაოდენობამ.
| Print |