ჯანდაცვა
ახალციხეში ვაქცინაციის პროცესი ვერ იწყება
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ არ შეუტანიათ. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მიზეზი მსურველთა სიმცირეა.

კლინიკაში აცრის დღეებად სამშაბათი და შაბათი შეირჩა. 

„არ ვიცი კლინიკაში პირველ ეტაპზე რამდენ ვაქცინას შემოვიტანთ, ყველაფერს იმის მიხედვით გავთვლით, რამდენი ადამიანი იქნება. ჩვენთან პორტალზე ვინც აისახება ვალდებული ვართ ყველანი ავცრათ“, - აცხადებს კლინიკური მენეჯერი ბესო ბურჯალიანი. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვადამ იქამდე გადაიწია, სანამ ვაქცინაციის მსურველი 10 ადამიანი არ შეგროვდება. 11 მაისის ჩათვლით, ახალციხეში აცრის 10 მსურველია დარეგისტრირებული, ახალქალაქის კლინიკაში კი არც ერთი.შეგახსენებთ, რომ AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 14 მარტს შემოიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია 15 მარტს, კლინიკა "იმედში" დაიწყო, თუმცა 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, პროცესი შეწყდა.

ახალციხის კლინიკა "იმედიდან" ვაქცინა რვა აპრილს გაიტანეს, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გამოეთიშა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ მის ნაცვლად ვაქცინაცია რეფერალურ ჰოსპიტალში განხორციელდებოდა.

რეგიონში ვაქცინა სულ, 26 პირს აქვს გაკეთებული.

| Print |