ჯანდაცვა
,,ვისაც სიცოცხლე უნდა, ყველა აიცრება“ – 94 წლის ექთნის საუკუნის გამოცდილება
დანაოჭებული ხელები, გაცრეცილ კანქვეშ დაბერილი ძარღვები, წელამდე ჭაღარა თმა - 94 წლის ფედოს ნამგლაძე საწოლიდან თვეებია ვეღარ დგება. დასიებული ფეხები გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევს. ბავშვობიდან თეთრ ხალათზე ოცნებობდა. 25 წლისამ ჩაიცვა და 20 წელზე მეტ ხანს, ადიგენის სოფელ ბოლაჯურს ექთნის სტატუსით ემსახურა. ვიდრე სიარული შეეძლო, თანასოფლელების „სასწრაფო დახმარება“ იყო.

ფედოსის თითქმის საუკუნოვანი მეხსიერება ბევრ კარგსა და ცუდ ამბავს ინახავს. ახსოვს, როგორ ებრძოდნენ სხვადასხვა ეპოქაში გავრცელებულ ვირუსებსა და პანდემიებს. გვიყვება, რომ უხილავ მტერზე გამარჯვების გზა მაშინაც მხოლოდ ვაქცინაციაზე გადიოდა. ახალგაზრდა იყო და ხალხის ასაცრელად უბან-უბან სიარული არ უჭირდა.

,,ვისაც სიცოცხლე უნდა, ყველა აიცრება, მხოლოდ ასე აღარ გავრეცელდება ვირუსი. ხალხს ხან ბოტკინზე (ა ჰეპატიტი), ხანაც წითელაზე ვცრიდით. აუცილებელი იყო ვაქცინაცია. ის ექთანი, რომელიც უბანს გამოტოვებდა, სამსახურს კარგავდა. მოსახლეობას აცრამდე წინასწარ ანალიზებს ვუკეთებდით, არ მახსოვს აცრით ვინმე დაღუპულიყო ან ცუდად გამხდარიყო“.

ფედოს ნამგლაძე იხსენებს, რომ ვაქცინის შიში ხალხს მაშინაც ჰქონდა, ანტივაქსერებიც საკმაოდ იყვნენ. ასეთ ადამიანებთან სამუშაოდ უფრო მეტი დრო სჭირდებოდა. ცდილობდა ყველასთვის აეხსნა, რომ სხვაგვარად პანდემია ვერ დამარცხდებოდა. ახლაც მასთან შესულ ყველა მნახველს უყვება, მძიმე ეპიიდსიტუაციის დროს, აცრის შემდეგ თანასოფლელები როგორი ჯანმრთელებიიყვნენ. არ უკვირს, როცა თანასოფლელები საკუთარ შიშსა და ვაქცინისადმი უნდობლობაზე ელაპარაკებიან. მათ გასაგონად ამბობს, რომ აუცილებლად აიცრება.

საუკუნეს მიტანილ დეიდას არ ეთანხმება , 40 წლის იური ტაბიძე. ის უმოკლეს დროში შექმნილ ვაქცინას არ ენდობა და სატყუარას უწოდებს. ბევრი კითხვა აქვს ვაქცინის შემადგენლობასთან დაკავშირებითაც. მარჯვენა ხელზე აცრის შედეგად დარჩენილ კვალს გვიჩვენებს და განმარტავს, რომ აქამდე მისთვის გაკეთებული ყველა აცრა მხოლოდ დედის გადაწყვეტილება იყო.

„ყველა ვაქცინა მხოლოდ ერთ წელიწადში დამზადდა. საიდან ვიცით, რომ კარგია, ვისზე ან რაზე გამოიცადა? რა თქმა უნდა, პანიკაში ვართ, რადგან ადამიანი დაიღუპა. იმ ექთანს ვერაფერი უშველეს და ჩვენ ვინ მოგვცემს სიცოცხლის გარანტიას? თუ გამიკეთებენ ყველა ანლიზს და დაზუსტებით მეცოდინება, რომ აცრისთვის მზად ვარ, შეიძლება. რა რეაქციაში შევა ადამიანის ორგანიზმთან ვინ იცის? ამისთვის მომზადებული უნდა იყოს მედპერსონალი. სავალდებულოს თუ გახდიან მაშინაც არ გავიკეთებ, ვინც მუშაობს შეიძლება იმათ სამსახური დააკარგინონ, მაგრამ თოხს ხომ ვერ წამართმევენ?“
- გვეუბნება იური ტაბიძე.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სამცხე-ჯავახეთში, მოსახლეობის უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 18 მარტს, ახალციხის კლინიკა „იმედში“, 28 წლის მედდას, აცრიდან დაახლოებით ნახევარ საათში, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. მას შემდეგ, თვენახევრის განმავლობაში, ახალციხეში ვაქცინაცია შეწყვეტილი იყო.

კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა 62 წლის მიხეილ ქიმაძემ. ტესტი არ გაუკეთებია, მაგრამ ტემპერატურის მატება, ხველა და სუნთქვის პრობლემები სახლის პირობებში დაამარცხა. მიუხედავად ამისა, შეშინებული და დაბნეულია. ვაქცინაცია ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია, მაგრამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტი მასაც აშინებს.

„ზოგი ამბობს ჩინური ვაქცინაა კარგიო, როგორ ვენდო. თუ შეამოწმებენ და გართულებები არ მოჰყვება, მაშინ დავრეგისტრირდები ასაცრელად. აცრა სიკვდილს ხომ მაინც სჯობს? გამოკვლევების გარეშე არავითარ შემთხვევაში ავიცრები. მე ძალიან მეშინია. აცრის სურვილი იმ შემთხვევაში მექნება, თუ მეცოდინება, რომ ხარისხიანი ვაქცინაა“.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ახალციხეში, მხოლოდ 27 აპრილს, რეფერალურ ჰოსპიტალში განახლდა. "ასტრაზენეკას" ვაქცინით იმ დღეს ცამეტი ადამიანი აიცრა.
30 აპრილის მდგომარეობით, რეგიონში 39 ადამიანია აცრილი.

ფედოს ნამგლაძე კლინიკაში თავად ვერ მივა, თუმცა, სურს, სახლში მიაკითხონ და აცრან. განვლილმა საუკუნემ დაარწმუნა, რომ ეს ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დროს გადარჩე და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდე. ახლა, როცა სამეზობლოს ვეღარ ეხმარება როგორც ექთანი, უნდა საკუთარი მაგალითით უჩვენოს გამოსავალი.

| Print |