ჯანდაცვა
რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა სამცხე-ჯავახეთში ვაქცინის გასაკეთებლად?
სინოფარმის ვაქცინით აცრა რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტშია შესაძლებელი. სპეციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნული ვაქცინით აცრის მსურველი (2 მაისის მონაცემით) სამცხე-ჯავახეთში 152 პირია. ვაქცინაცია შესაძლებელია რეგიონის ხუთ - ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის საავადმყოფოებში. რეგისტრაციის მიხედვით მუნიციპალიტეტებში მსურველთა რაოდენობა ასე გადანაწილდა.

ახალციხე– 37,
ბორჯომი– 108,
ასპინძა– 6,
ადიგენი–1
ახალქალაქი-0.

ქვეყანაში ჩინური ვაქცინით ,, სინოფარმით’’ იმუნიზაცია 4 მაისიდან დაიწყება და ამ პროცესში ბორჯომის სამედიცინო ცენტრი - ჯეო ჰოსპიტალიც ჩაერთო.

ცენტრის ამბულატორიული ხელმძღვანელის თეა გოგალაძის განცხადებით, აცრის გაკეთება მსურველებს ადგილზე შეეძლებათ. ვაქცინაციიდან 45 წუთის განმავლობაში პაციენტი დაკვირვების ქვეშ იქნება. გართულების შემთხვევაში კი საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

„ბორჯომში ვაქცინაცია 4 მაისიდან ჩინური წარმოების ვაქცინით განახლდება. მოსახლეობას ვაქცინაცია კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეეძლება. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, რაც შეეხება ვაქცინას მას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მომავალ კვირაში მოგვაწვდის, ზუსტი დოზა არ ვიცით. იმდენი ვაქცინა შემოვა, რამდენიც საჭირო იქნება“ - აცხადებს ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორ ეტაპიანია. მსურველებს აცრის გაკეთება 21-28 დღიანი შუალედით შეუძლიათ. რეგისტრაციის გავლა უკვე შესაძლებელია იმუნიზაციის პორტალზე booking.moh.gov.ge.


ასტრაზენეკით აცრის მსურველი ახალციხეში კლინიკა ევექსში დარეგისტრირებული კიდევ 14 პირია, რომლებიც ვაქცინაციის მიღებას 4 ან 11 მაისს შეძლებენ. რადგან, ვაქცინაცია კვირაში მხოლოდ ორ დღეს არის შესაძლებელი.

ვაქცინაციის პროცესი თავდაპირველად კლინიკა „იმედში“ მიმდინარეობდა თუმცა ახალგაზრდა მედიკოსის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკა პროცესს 9 აპრილს გამოეთიშა.

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 14 მარტს შემოიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია 15 მარტს, კლინიკა "იმედში" დაიწყო, თუმცა 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, პროცესი შეწყდა.

ახალციხის კლინიკა "იმედიდან" ვაქცინა რვა აპრილს გაიტანეს, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გამოეთიშა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ მის ნაცვლად ვაქცინაცია რეფერალურ ჰოსპიტალში განხორციელდებოდა. ვაქცინა 12 აპრილს გაიტანეს ახალქალაქიდანაც. ჯავახეთში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ერთი ამპულა.

| Print |