ჯანდაცვა
ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ამირან გამყრელიძემ ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაისს "სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება, ხოლო 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (“ასტრაზენეკა”, “ფაიზერი”, “სინოფარმი") ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.

შეგახსენებთ, ქვეყანაში "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოსული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგოჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის თანახმად, რომელშიც 13 765-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვაქცინამ 78. 1%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, წინასწარი კლინიკური ან რეპრო /ტოქსური გამოკვლევების შედეგად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა.

კვლევისას გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერი იყო - ტკივილი აცრის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა. გამოვლინდა ორი სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან - ძლიერი გულისრევა და ანთებითი დემიელინაციის სინდრომი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებში „სინოფარმის“ გამოყენება 45 ქვეყანაშია ავტორიზებული და დღემდე ვაქცინის 65 მილიონი დოზა გაკეთდა. ვაქცინაციისთვის საჭიროა „სინოფარმის“ 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით.
| Print |