ჯანდაცვა
ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან
ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, იმსჯელეს ე.წ მწვანე პასპორტების შესახებ, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება. გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს"
, წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 313 742 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 295 458 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 183 ადამიანი.
| Print |