ჯანდაცვა
ახალქალაქში გვითხრეს, რომ რუსული „სპუტნიკის“ მიმართ აქვთ ინტერესი - NCDC
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი TV9NEWS.GE-სთან ინტრვიუში ამბობს, რომ ნინოწმინდასა და ახალქალაქში ვაქცინაციის მიმართ ინტერესი დაბალია. ლიკა ჯაბიძისთვის გაუგებარია, რატომ იკავებენ ვაქცინაციისგან თავს და რატომ უცხადებენ ნდობას რუსულ „სპუტნიკს“.

„როცა მე ვიყავი ახალქალაქში, ჩვენთან დააფიქსირეს, რომ რატომღაც რუსული „სპუტნიკის“ მიმართ აქვთ ინტერესი. ჯერ არ განიხილება რუსული ვაქცინის შემოტანის საკითხი. ეს სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, მას არ აქვს ჯანმოს ავტორიზაცია, ჩვენ კი ძირითადად, ავტორიზებულ ვაქცინებს ვიყენებთ. ცოტა გაუგებარია, რატომ იკავებენ ვაქცინაციისგან თავს, მაგრამ ამ ეტაპზე ინტერესი არ არის“.


ლიკა ჯაბიძე გამორიცხავს, რომ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების ინფორმაციის ნაკლებობა იყოს. იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსის თქმით, ვაქცინაციის პოპულარიზაციაში დიდი როლი ექიმებს აკისრიათ.

„ალბათ, ისეთივე წარმატებით უყურებენ სომხურ არხებს, როგორსაც რუსულს. სომხეთში რუსულ ვაქცინასთან ერთად წარმატებით გამოიყენება „სტრაზენეკაც“, ამიტომ ცოტა უცნაურია მათი დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ. იმედს ვიტოვებთ, რომ შეიცვლება, სხვა გამოსავალი არ არის“.

ლიკა ჯაბიძის თქმით, ვაქცინაციამ წელსვე ეფექტი რომ გამოიღოს, 1 მლნ. 700 000 ადამიანი უნდა აიცრას. 10 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 62 447 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი.

| Print |