ჯანდაცვა
გვინდა, რეგიონებში ძალიან ბევრი ადამიანი აიცრას - ბიძინა კულუმბეგოვი
ახალქალაქელმა ექიმებმა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის რელიგიურმა ლიდერებმა, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

საინფორმაციო შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. მისი მიზანი იყო ადგილობრივი სათემო ლიდერების ინფორმირება იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამებისა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, გაუძღვნენ ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები. რელიგიურ ლიდერებთან გამართული შეხვედრები საქართველოს საპატრიარქოსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან პარტნიორობით იქნა ორგანიზებული.

შეხვედრებს ფასილიტაციას უწევდნენ სამედიცინო სფეროს ცნობილი ექსპერტები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.

მსგავსი სახის შეხვედრა ხვალ, 14 მაისს ახალციხეში გაიმართება.

| Print |