ჯანდაცვა
ქვეყანას მალე წარედგინება კოვიდ პასპორტი - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აანონსებს, რომ მომავალ კვირაში მოსახლეობას კოვიდ პასპორტს წარუდგენენ და ვაქცინირებული ადამიანებისთვის დაწესებულ შეღავათებსაც დაამტკიცებენ.

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ახალციხეში ვიზიტისას ამ საკითხებთან ერთად, ვაქცინაციის ნელ ტემპზეც ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, აცრებზე ყველაზე დაბალი აქტივობა სამცხე-ჯავახეთშია.

"იმუნიზაციის ადვოკატირება ძალიან მნიშვნელოვანია. სამცხე-ჯავახეთი სხვა რეგიონებთან შედარებით უკეთესად გამოიყურება კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით. მაგრამ არ გვაქვს იმუნიზაციის ის მაჩვენებლები, რაც უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, დუნედ მიდის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე 3 000-ზე მეტი პირი იცრება. მაისის ბოლოსკენ საშუალო მაჩვენებელი უნდა ავწიოთ საშუალოდ, 5-6 ათასამდე. ივნისში კიდევ უფრო მეტი, ივლისიდან უნდა დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია - დღეში 15 000-მდე ადამიანი. მოგვიწევს სოფელ-სოფელ სიარული, მობილური ბრიგადებით მუშაობა, ისე პანდემიას ვერ დავასრულებთ. მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკებები, რომ ვაქცინის მარაგი შეიქმნას ქვეყანაში“.


გამყრელიძის თქმით, უკვე გაიცა პირველი კოვიდ პასპორტი და ის საქართველოს მოქალაქემ მიიღო, რომელიც აშშ-ში გაემგზავრა.

NCDC-ის ხელმძღვანელი უკმაყოფილოა აცრილი სამედიცინო პერსონალის რაოდენობითაც. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თანამშრომელთა მხოლოდ 42%-ია აცრილი. ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ თვის ბოლოს 500 თანამშრომლიდან მინიმუმ, 80% უნდა იყოს აცრილი.

| Print |