ჯანდაცვა
მეგი ბაქრაძის საქმეზე მოკვლევა დავასრულეთ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის პათანატომიური კვეთის შედეგებს ელის. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან დოკუმენტის მიღების შემდეგ, შესწავლილ მასალებს კლინიცისტებს გადაუგზავნის. შესაბამისი დარგის სპეციალისტები დაადგენენ, რამდენად სწორად გაუწიეს მედდას სამედიცინო დახმარება კლინიკა „იმედის“ ექიმებმა.

სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის თქმით, თუ ექიმების მხრიდან გადაცდომა გამოიკვეთება, საბჭო იმსჯელებს და მათ პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

მეგი ბაქრაძის საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ორ ექიმს და ერთ ექთანს, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

28 წლის ექთანს მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
| Print |