ჯანდაცვა
ხარვეზი ვებ-გვერდზე - მოქალაქეები ვაქცინაზე ვერ რეგისტრირდებიან და არც კოვიდსტატისტიკა განახლებულა
ბაზაში შეფერხების გამო, დღეს კოვიდსტატისტიკა ჯერ არ განახლებულა. ვებ-გვერდზე, სადაც კორონავირუსის ყოველდღიური მონაცემი ქვეყნდება, შეფერხებაა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია როდის აღმოიფხვრება აღნიშნული ხარვეზი.

გარდა ამისა, დღეს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე პორტალი გათიშულია, მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.

კონკრეტულად რამ გამოიწვია რეგისტრაციის შეფერხება ჯერჯერობით უცნობია. საიტზე მითითებულია, რომ ტექნიკური განახლება მიმდინარეობს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, „სინოფარმზე“ რეგისტრაციის შეფერხებასთან დაკავშირებით, ცენტრი განცხადებას გაავრცელებს. მისივე თქმით, მოგვიანებით ასევე გაავრცელებენ ინფორმაციას იმ მიზეზებზე, რის გამოც კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა.
| Print |