ჯანდაცვა
“საკურორტო ზონები გადავსებულია” - თენგიზ ცერცვაძე
,,მოსახლეობამ ის სიგნალი მთავრობისგან, რომ მკაცრი შეზღუდვები მოხსნა, გაიგო თავისებურად, გაიგო ისე, რომ მათ ყველა ვალდებულება მოეხსნათ და არ იცავენ არცერთ დარჩენილ რეგულაციას. შემდეგი მიზეზი, რომ გაზრდილია მობილობა – საკურორტო ზონები გადავსებულია და შესაძლოა, შემდგომი ზრდაც ვერ ავიცილოთ. საქართველომ, ამ პირობებში, ან უნდა შემოიღოს ისევ შეზღუდვები, ან უნდა შეეგუოს ამ გაზრდილ რაოდენობასთან თანაცხოვრებას” - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

ქვეყანაში „დელტა“ შტამის ცირკულაცია მატულობს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი ყოველდღიურად უარესდება, რასაც ეპიდემიოლოგები გარკვეულწილად შეზღუდვების მოხსნას უკავშირებენ. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი შეზღუდვები წესდება. კერძოდ, 19 ივლისიდან შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდება:

• ტრენინგებზე, კონფერენციებზე, სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ PCR ტესტირების შემდეგ იქნება ნებადართული;

• იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად;

• 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზეა დასაშვები.

18 ივლისის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი.
| Print |