ჯანდაცვა
ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობას ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება კვლავ მოუწევს, გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება.

„მოგვიწევს შემდეგ ისე დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ზოგადად, გართულდება სიტუაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და ჩვენ დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა, ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, თუ დღეში 20 000-30 000 ადამიანი არ აიცრება, ამ პროცესის მართვა ძალიან გაჭირდება. 

„დღეს ჩვენ გვქონდა 2 600 შემთხვევა. ეს არის ძალიან საგანგაშო. მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოქალაქეები, მოსახლეობა, რომ ძალიან ცუდი ტენდენციაა. ერთი მხრივ, გვინდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და ჩვენი მოქლაქეების კეთილდღეობა. გვინდა, რომ ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ მეორე მხრივ - ჩვენ, მთავრობას, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ, აიცერით. მე მგონი, ამის გაკეთება ძალიან მარტივია. თუ ჩვენი მოქალაქეები მთავრობას მხარში არ დაუდგნენ ისე, როგორც დაუდგნენ თავის დროზე, შარშან, როცა პანდემია დაიწყო, მარტო ჩვენ ვერაფერს გავწვდებით, ვერაფერს გავაკეთებთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
| Print |